პროკურატურამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენა

გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდება დაუზუსტდა თავად მერაბ კობიაშვილსაც. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კობიაშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და კობიაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გამოტანილი იქნა დადგენილება.

„დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდა. ასევე, მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა.

მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება ძალადობისთვის - 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა.

აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს - მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წარედგინა

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ