საქართველო ჯანმო-ს კვლევაში ერთვება, რის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომელმაც 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება უნდა გამოავლინოს და შეარჩიოს. რომელია ეს ოთხი მედიკამენტი, როდის ჩაერთვება ქვეყანა კვლევაში და რომელი პაციენტები მიიღებენ მასში მონაწილეობას, "ინტერპრესნიუსთან" ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დეტალურად ისაუბრა.

- ბატონო თენგიზ, რა კვლევას ატარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელშიც საქართველო უნდა ჩაერთოს და რის გამო მიიღო ჯანმო-სგან ჩვენმა ქვეყანამ მასში ჩართვის წინადადება?

- დაახლოებით 2-3 კვირის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიდ მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილეობის მიღება შემოგვთავაზა. მათგან იყო წინადადება, საქართველოს არ მიუმართავს. იმათ მოგვმართეს და საქართველო დათანახმდა ამას. ეს იქნება მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად ყველაზე დიდი კვლევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არჩევს ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ეს კვლევა შეასრულონ იმ სტანდარტებით, რომელიც მათ სჭირდებათ. ისინი არ შესთავაზებდნენ ისეთ ქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც არ ენდობიან. ორგანიზაციამ შემოგვთავაზა ასეთი დიზაინი. ერთმანეთს უნდა შედარდეს 4 სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობა. ეს არის „რემდესივირი“, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტად ითვლება და ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, თუმცა, ბოლომდე არავინ ვიცით მისი თვისებები და ეს კვლევა რომ დასრულდება მაშინ გავიგებთ, მართლა ფავორიტია თუ არა. მეორე არის „პლაქვენილი“, რომელიც საქართველოში დიდი წარმატებით გამოიყენება თებერვლის თვიდან. მესამე არის „ლოპინავირ/რიტონავირი“, ეს ერთ აბშია, მაგრამ ორი წამალია. მეოთხე მედიკამენტი კი არის იგივე „ლოპინავირ/რიტონავირი“ და დამატებულია „ინტერფერონი ბეტა“. „ინტერფერონი ალფა“ საქართველოში დიდი ხანია არსებობს, თუმცა „ინტერფერონი ბეტა“ ახალია. ეს ოთხი მედიკამენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეარჩია თავისი ძირითადი კვლევისთვის, აქამდე არსებული კვლევების ანალიზის საფუძველზე ანუ შეირჩა ეს ოთხი მედიკამენტი, რომელიც დღეისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, სხვებზე უფრო იმედის მომცემია.

საქართველოში შემოიტანენ ოთხივე მედიკამენტს. იქნება პაციენტების ოთხი ჯგუფი. ერთი ჯგუფი მიიღებს „რემდესივირს“, მეორე - „პლაქვენილს“, მესამე - „ლოპინავირ/რიტონავირს“, მეოთხე ჯგუფი კი „ლოპინავირ/რიტონავირს“ „ბეტა ინტერფერონთან“ ერთად ანუ ოთხი თანაბარი ჯგუფი იქნება და ესენი მიიღებენ ამ მედიკამენტებს.

როდის დაიწყება კვლევა, ზუსტი თარიღი უცნობია, ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი. კვლევა დროში არ არის შეზღუდული, რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. ამ კვლევას აქვს ძალიან მკაცრი პროტოკოლი, ზუსტად არის გაწერილი ის მაჩვენებლები, რომელიც პაციენტს კვლევის დაწყებამდე უნდა გაუკეთდეს და კვლევის პროცესში რა მაჩვენებლებით უნდა გაკონტროლდეს ამ მედიკამენტების ეფექტურობა. კვლევაში ჩართულია 20-ზე მეტი ქვეყანა. ამ შედეგებს საქართველოშიც შევაფასებთ. ასევე, ყველა ქვეყნიდან მონაცემები გაიგზავნება სათაო ოფისში და იქ მოხდება ამ შედეგების შეფასება და გაანალიზება სპეციალური მეთოდოლოგიით. ეს კვლევა მსოფლიოსთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მეტ-ნაკლებად გაირკვევა დღეს არსებული მედიკამენტებიდან რომელია უკეთესი. სხვადასხვა კვლევები უჩვენებს სხვადასხვა მედიკამენტის უპირატესობას, მაგრამ არცერთში არ არის ბოლომდე დადგენილი. ამ კვლევით გაირკვევა, დღეს არსებული მედიკამენტებიდან, რომელია ყველაზე უფრო უკეთესი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შეიძლება გამოჩნდეს კიდევ უფრო უკეთესიც.

- რომელი კლინიკები ჩაერთვებიან კვლევაში? როგორ აარჩევთ პაციენტებს და იქნება თუ არა კვლევაში ჩართვა ნებაყოფლობითი? რა მოხდება, თუ პაციენტი უარს იტყვის, წამალი, რომლის ეფექტებიც კორონავირუსთან მიმართებაში უცნობია, მასზე დაიტესტოს?

- სულ 7 კლინიკა იქნება ჩართული ამ კვლევაში ქვეყნის მასშტაბით. ესენია: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საავადმყოფო „მედალფა“, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო. კვლევაში პაციენტების ჩაართვა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება. პაცინტების შერჩევა უნდა მოხდეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. არ უნდა იყოს ისე, რომ უფრო მძიმე პაციენტებს მისცე „რემდესივირი“, ნაკლებად მძიმეებს „პლაქვენილი“ და ა.შ. უნდა შეეცადო, რომ თანაბრად იყოს ეს განაწილებული. მაგალითად: თუ გყავს 4 მძიმე პაციენტი, ერთს მისცე ერთი, მეორეს მეორე მედიკამენტი და ა.შ. მაგრამ აქ გათვალისწინებული იქნება პაციენტების სურვილიც მედიკამენტთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ რომელიმე პაციენტს რომელიმე მედიკამენტი ურჩევნია, მისი სურვილი იქნება გათვალისწინებული. მაგრამ ვინც იტყვის, რომ სულერთია მისთვის, ამ შემთხვევაში განაწილებული იქნება თანაბრად.

- შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს და შესაბამისად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას ამ ექსპერიმენტში მოუწევს მონაწილეობის მიღება?

- ყველა ეს მედიკამენტი, სანამ მისი ეფექტურობა არ დამტკიცდება, ექსპერიმენტულია. მაგრამ ეს მედიკამენტები ეპიდემიის პირველივე დღიდან სხვადასხვა ინტენსივობით გამოიყენება. ზოგიერთი ქვეყანა ერთს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი მეორეს. ეს კვლევა საქართველოში კი არა, როგორც გითხარით, სხვა ქვეყნებშიც ტარდება ანუ ექსპერიმენტს თუ დაარქმევთ, ექსპერიმენტს საქართველოში კი არ ატარებს მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ატარებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ მაინც, ექსპერიმენტს ვიღაც გაიგებს ცუდად ანუ საექსპერიმენტო ობიექტი ცუდად ჟღერს, აღიქმება თითქოს, არ ვიცით რა მოხდება და შეიძლება ამ ექსპერიმენტმა ცუდი შედეგიც გამოიწვიოს, ამიტომაც ჰქვია მას კვლევა. ექსპერიმენტი მაშინ იქნებოდა, უცნობი მედიკამენტი რომ იყოს, არ ვიცოდეთ რა არის, ამას ვაძლევდეთ ავადმყოფს და ამან შეიძლება მოარჩინოს და შეიძლება მოკლას ვიღაცა. ეს ოთხივე მედიკამენტი კარგად ცნობილია. დიდი ხანია გამოიყენება, მისი უსაფრთხოება დამტკიცებულია, უბრალოდ ხდება შედარება რომელი სჯობს. ამიტომ ამას ექსპერიმენტი არ ჰქვია, ჰქვია კვლევა და ეს კვლევა ტარდება იმისთვის, რომ აზრთასხვადასხვაობას მოეღოს ბოლო, რომელი სჯობს ამ ოთხი მედიკამენტიდან. ამიტომ სიტყვა ექსპერიმენტი აქ მიუღებელია, ეს არის კვლევა!

- თქვენ კი თქვით, რომ ქვეყანას კვლევაში ჩასართავად ბიუროკრატიული პროცედურები დარჩა გასავლელი, თუმცა, ხომ არ შეგიძლიათ დაახლოებითი თარიღი თქვათ, ეს ოთხი მედიკამეტი როდის ჩამოვა საქართველოში? ასევე, რამდენი ერთეული ჩამოვა და ოფიციალურად როდის ჩავერთვებით კვლევაში?

- რაოდენობა შეზღუდული არ არის, გაგვაფრთხილეს სპეციალურად რომ ყველა მსურველი შესაძლებელია ჩავრთოთ. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე ჩამოვა.

- რამდენს ხანს გასტანს კვლევა და როდის გვეცოდინება მისი შედეგები ანუ აღნიშნული ოთხი მედიკამენტიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რომელია ყველაზე ეფექტური?

- არ უთქვამთ რამდენ ხანს გასტანს კვლევა. დაიწყეთ კვლევა და გააგრძელეთო, მერე ვნახავთო. ეტყობა ისინი უყურებენ, რამდენი მსურველი გამოჩნდება და რამდენი ადამიანი ჩაერთვება კვლევაში. მონაცემების მიწოდებას კი პროტოკოლი განსაზღვრავს, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ზუსტად არ ვიცი, რა პერიოდულობით, მაგრამ ეს პროტოკოლში მკაცრად იქნება გაწერილი. როცა წამალს მივიღებთ, ამ პროტოკოლსაც მაშინ მივიღებთ.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ოთხივე მედიკამენტი, რომლის კვლევაშიც მათ შორის საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან, დიდი ხნის ნაცნობი მედიკამენტებია, მაგრამ არც მსოფლიომ და არც საქართველომ არ იცის კონკრეტულად ეს მედიკამენტები როგორ ზემოქმედებენ კორონავირუსზე და ამის ფონზე, რა გავლენას ახდენენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ეს რისკები საქართველოს ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს გათვლილი აქვს?

- თუ მეკითხებით გვერდით მოვლენებზე, რა თქმა უნდა, გათვლილია. ის არ არის ცნობილი ამჟამად, ამ მედიკამენტებიდან რომელი აჯობებს, რომელი უკეთესი იქნება და რომელი უფრო მოარჩენს, თორემ ამ მედიკამენტების გვერდითი მოვლენები ყველასი ცნობილია. ამ მხრივ ყველა რისკი, რა თქმა უნდა, გათვლილია. პრინციპში, არავითარი რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში, ამ მედიკამენტებს ჯერჯერობით რაიმე სერიოზული შედეგი არ ჰქონია. იგივე „ლოპინავირ/რიტონავირს“ კოვიდ 19-ის დროს არ ვიყენებდით, თორემ შიდსით ავადმყოფებში 10 წელია ვიყენებთ და არაფერი ცუდი შედეგი არ ყოფილა.

- ეს ოთხი მედიკანეტი ქვეყანას უფასოდ მიეწოდება თუ მასში რაიმე საფასურის გადახდაა საჭირო?

- დიახ უფასოდ შემოაქვთ, ასეთია შეპირება.

- რომელი ქვეყნები ერთვებიან საქართველოსთან ერთად კვლევაში?

- 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის წამყვანი ქვეყნები, საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, შვეიცარია, ბელგია... ასევე, ტაილანდი.

- რამდენ კაციან ჯფუფებად დაყოფთ იმ პაციენტებს, რომლებიც კვლევაში ჩართვას დათანხმდებიან? და კვლევაში ჩართულ პაციენტებზე დაკვირვების ეტაპი რა პერიოდს მოიცავს?

- ეს კვლევა უტარდება მხოლოდ კოვიდ 19-ის დადასტურებულ პაციენტებს. თითოეულ მედიკამენტს თავისი გამოყენების ვადა აქვს. მაგალითად: „პლაქვენილი“ 5 ან 10 დღის განმავლობაში შეიძლება მიიღონ. მეტი არ არის საჭირო. ყველაზე მძიმე ავადმყოფებს შეიძლება 20 დღის განმავლობაში მივცეთ მხოლოდ. ამასთან, პაციენტების ოდენობა შეზღუდული არ არის. გვეუბნებიან, რამდენიც გეყოლებათ ავადმყოფი და რამდენიც იქნება მსურველი, ყველა ჩართეთ კვლევაშიო. წინასწარ არ ვიცით, რამდენი იქნება. შეიძლება სულ არ იყოს. აგერ, ხომ ხედავთ შემცირდა ავადმყოფების რაოდენობა?!

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით