რან გიდორი - საქართველომ პანდემიასთან ბრძოლაში დიდი წარმატება დააფიქსირა - არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგილოცოთ

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი, თბილისში მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა. ისრაელი COVID 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად მოიაზრება, სადაც არა მხოლოდ ვირუსის შეკავებას, არამედ, ვაქცინის შექმნას და რაც შეიძლება, ეფექტიანი მკურნალობის დანერგვას ცდილობენ. ისრაელში არსებულ ვითარებასა და კვლევებზე, ასევე, საქართველოსთვის დახმარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე რან გიდორი „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით თქვენი აქ ცხოვრებისა და მუშაობის პირველ პერიოდს?

- საქართველოში იანვრის დასაწყისში ჩამოვედი და ორთვენახევრის განმავლობაში სრულად ვიყავი აქტივობებში ჩართული, როგორც პროფესიული, ისე სოციალური და კულტურული კუთხით. სამწუხაროდ, შემდეგ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ყველაფერი უნდა გაჩერებულიყო. ასეა თუ ისე, ძალიან მოკლე პერიოდში მე და ჩემმა მეუღლემ ბევრი მეგობარი გავიჩინეთ და ქართულ სამზარეულოზე გავხდით დამოკიდებულები. იმედი მაქვს, ნორმალურ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე დავუბრუნდებით.

- როგორია ისრაელის გამოცდილება COVID 19-თან ბრძოლაში ამ ეტაპზე და რა ზომები იქნა მიღებული ინფექციის შესაკავებლად?

- ისევე როგორც საქართველომ, ისრაელის მთავრობამაც იმაზე უფრო ადრე მოახდინა რეაგირება, ვიდრე ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ. ამან განაპირობა ჩვენი წარმატება. გაგვიმართლა იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი მოსახლეობის საშუალო ასაკი ბევრად დაბალია, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყნის. ჩვენი მოსახლეობა 9.1 მილიონს შეადგენს, გარდაცვალების 300-ზე ნაკლები და ინფიცირებულების 16 000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. ეს საქართველოსთან შედარებით ბევრია, მაგრამ ევროპასთან შედარებით - არა. მთავრობა მკაცრი იყო ისეთი ზომების მიღებაში, რაც ადამიანებს თვითიზოლაციისკენ უბიძგებს ან ავალდებულებს კიდეც. თანდათანობით, უკვე ამ პერიოდიდან, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას ვიწყებთ, თუმცა ამ გამოცდილებაში მთავარი არა დაავადების შეკავება, არამედ მეცნიერული და აკადემიური კვლევები იყო. ისრაელი სამ მთავარ ელემენტზე ფოკუსირდა: დაავადების პრევენციაზე; ეფექტურ მკურნალობასა და ვაქცინის შექმნაზე. ისრაელი COVID 19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა, ჩვენი პროგრესის ორი მაგალითი კი ასეთია: ერთია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ისრაელის კვლევითი კომპანიისთვის 50 მილიონი ევროს გადაცემის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რათა ვაქცინის შექმნისთვის აუცილებელი კვლევა ჩატარდეს; ამასთანავე, ჩვენმა, მსოფლიოში ყველაზე დიდმა საზოგადოებრივმა დაფინანსების ორგანიზაციამ ისრაელის „მიგალ გალილის კვლევითი ინსტიტუტისთვის“ 12 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინა. მიგალის ინსტიტუტმა უკვე შექმნა ფრინველის გრიპის ვაქცინა, ახლა ამ ვაქცინის კორონავირუსისთვის ადაპტირების მცდელობაა. ასევე, გვაქვს ბიოლოგიური ინსტიტუტი, დიდი ავიაციის ინსტიტუტი, ყველა მათგანი ტექნოლოგიურად ადაპტირდა, რათა ისეთი პროდუქტი, ტექნოლოგიები და კვლევები უზრუნველყონ, რაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებასთან იქნება გაზიარებული.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისრაელი ე.წ. პასიური ვაქცინის შექმნაზეც მუშაობს - შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ეს რას გულისხმობს და როგორი შედეგებია ამჟამად?

- ჯერ ამისთვის ბოლომდე არ მიგვიღწევია, მაგრამ ყველაზე ცოტა, სამი კვლევითი ინსტიტუტი ვაქცინის შექმნის გზას ადგას. ერთ-ერთი, „მიგალის კვლევითი ინსტიტუტი“ უკვე ვახსენე, მათ უკვე შექმნეს ფრინველის გრიპის ვაქცინა. ეს ძირითადად პლაცენტისა ან უჯრედთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული. მაგრამ იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტური, ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო განცხადებას. თუმცა, მსოფლიოში 100 უნივერსიტეტს, ლაბორატორიასა და კვლევით ინსტიტუტს, რომლებიც ვაქცინაციის შექმნასა და ქმედით მკურნალობაზე მუშაობენ, ისრაელი საუკეთესო ათეულშია. ამას გარდა, კვირის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ, ყველა მათგანს უნდა გამოეცხადებინა, თუ რა ოდენობის თანხას გაიღებდა მათი მთავრობა კორონავირუსის დამარცხებისკენ მიმართული კვლევებისთვის. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ გლობალურ ძალისხმევაში ისრაელის წვლილი 60 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

- ბევრი ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პანდემიასთან გასამკლავებლად მზად არ აღმოჩნდა. რამდენადაც ცნობილია, ისრაელში, თუნდაც აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც სამედიცინო პერსონალისთვის დამცავ ფარს წარმოადგენს, დიდი პრობლემები არ არსებობს...

- როდესაც ეპიდემია დაიწყო, გარკვეულ საკითხებზე შეშფოთებულები ვიყავით, რადგან ვნახეთ, რა მოხდა იტალიაში, ჩინეთში, ესპანეთში. ვშიშობდით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ისრაელში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იყო. ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველთვიურად, ჯანდაცვის ძალიან მცირე გადასახადს ვიხდით, სამაგიეროდ კი სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრზე მიგვიწვდება ხელი. ეს იაფი, სწრაფი და ეფექტურია. საბოლოო ჯამში, როდესაც უკან ვიხედებით და თვალს ვავლებთ ყველაფერ იმას, რაც უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში მოხდა, ვხედავთ, რომ სასუნთქი აპარატების ნახევარზე ნაკლების და ასევე, სასტუმროს ისეთი საწოლების ძალიან ცოტა ნაწილის გამოყენება აღმოჩნდა საჭირო, რაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის გამზადდა.

- მეორე მხრივ, როგორ შეაფასებდით საქართველოს რეაგირებას პანდემიის მიმართ?

- ჩემი აზრით, პასუხი თავად არსებულ ციფრებშია. ფაქტი, რომ 10-ზე ნაკლები გარდაცვალების შემთხვევაა და დაახლოებით, 600 - ინფიცირების, ყველანაირი სტანდარტით დიდი მიღწევაა. საქართველოს მთავრობამ ევროპული, ამერიკისა და ისრაელის მთავრობებისგან ქება მიიღო. ის, რომ ქართველმა თანამდებობის პირებმა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად დიდი წარმატება დააფიქსირეს, პრეზიდენტების - სალომე ზურაბიშვილისა და რუვენ რივლინის სატელეფონო საუბარშიც აღინიშნა. არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგილოცოთ, არა მთავრობის მიერ დაწესებული ზომების, არამედ, საზოგადოების მიერ გამოჩენილი თანამშრომლობის და თავშეკავების მაღალი დონის გამო.

- საქართველო და ისრაელი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არიან. როგორ ფიქრობთ, როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა COVID 19-თან ბრძოლის მიმართულებით?

- ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველო არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ძალიან ახლო მოკავშირეა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კრიზისის პერიოდში, რამდენიმე ჰუმანიტარული შემთხვევა გვქონდა, რომლისთვისაც ქართველი თანამდებობის პირებისგან პასუხი და დახმარება გვჭირდებოდა, რაც მათ ძალიან გულუხვად და უშუალოდ გაიღეს. ჩემთვის, როგორც ისრაელის ელჩისთვის, ეს შესაძლებლობაა, საქართველოს მთავრობას ამ უპრეცედენტო თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ? მოქმედება უკვე დავიწყეთ. გვაქვს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილება - „მაშავი“, რომელიც საერთაშორისო განვითარებისა და დახმარების მიმართულებით ისრაელის მთავრობის მნიშვნელოვანი ორგანოა - ეს არის მაგალითად, ამერიკული USAID-ის ექვივალენტი. 1990-იანი წლებიდან მაშავმა უკვე 1500-ზე მეტი ქართველი მამაკაცი და ქალი სხვადასხვა დისციპლინაში გადაამზადა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, მეწარმეობა, ინოვაცია, ქალთა გაძლიერება... ამჟამად, მაშავი მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, ონლაინ ტრეინინგების სემინარებს სთავაზობს. მეტიც, მაშავი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის წამყვანი თანამდებობის პირებისთვის ყოველკვირეულ ფორუმს უწევს ორგანიზებას. ეს არიან ადამიანები, ვინც დაავადების დამარცხებაზე არიან პასუხისმგებელნი. საქართველოდან 3 წარმომადგენელი გვყავს, რომლებიც ყოველკვირეულად იღებენ მონაწილეობას სემინარში და ისრაელის და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებას იზიარებენ. დაბოლოს, საქართველოს მოქალაქეებს შემდეგი კვირიდან სპეციალურ ტრენინგის კურსებს შევთავაზებთ, რაც მხოლოდ COVID 19-ზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ, საშუალებას მოგვცემს, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. მაგალითად, შემდეგ კვირაში, „ჯიტასთან“ ერთად, კომპიუტერული პროგრამირების, „პითონის“ შესავლის უფასო ონლაინ სემინარს ჩავატარებთ.

- ეკონომიკა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურება, და რამდენად მალე შეიძლება, ეს მოხდეს?

- ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის განახლება ჩვენთვის პირველი რიგის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბევრი კუთხით, ეკონომიკური კრიზისი ჯანდაცვის კრიზისზე უარესია. საქართველოს, ისევე, როგორც ისრაელს, გაუმართლა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია და შედარებით ცოტაა ინფიცირებულების რაოდენობაც. მაგრამ COVID 19-ის ეპიდემიის ეკონომიკურმა შედეგებმა საქართველოში ყველა დააზარალა. მიხარია იმის გამოცხადება, რომ ძალიან მალე ისრაელი-საქართველოს ორმხრივი სავაჭრო პალატა დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ორივე ჩვენი მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი. მას შემდეგ, რაც 1992 წელს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დავიწყეთ, პირველად იარსებებს პროფესიონალური, ლეგიტიმური სავაჭრო პალატა, რომელიც პროფესიონალურ მომსახურებას უზრუნველყოფს, მათ შორის, კონსულტაციას ორივე ქვეყნიდან ბიზნესის წარმომადგენლების, მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ეს იმ ცარიელ ადგილს შეავსებს, რაც 30 წლის განმავლობაში არსებობდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესია. წინა წელს საქართველოს ისრაელიდან 200 ათასი ტურისტი ეწვია, რაც უმაღლესი რიცხვია არა საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან. კორონავირუსი რომ არა, ამ წელს 300 ათასი ტურისტი ჩამოვიდოდა. ახლა პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივ განახლებას ვცდილობთ, რათა ისრაელიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და საქართველოს ეკონომიკას თანხების იმ ოდენობის მიღებაში დავეხმაროთ, რამდენიც საჭიროა.

- ახლახანს ისრაელმა დამოუკიდებლობის 72-ე წლის იუბილე აღნიშნა. რისი თქმა შეგიძლიათ ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ?

- წინა კვირას ჩვენი დამოუკიდებლობის 72 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ისრაელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილებისა და ჰოლოკოსტს გადარჩენილთა თაობის მიერ შეიქმნა. მამაჩემიც ჰოლოკოსტს გადარჩენილი იყო, ის ისრაელში 20 წლის ასაკში ჩავიდა, როცა არაფერი ებადა. ფაქტი, რომ 72 წლის შემდეგ ჩვენს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევისთვის გლობალურ ძალისხმევაში 60 მილიონი დოლარის ჩადება შეუძლია, ფაქტი, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ცხოვრების დონე იმაზე მაღალია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში, - ნამდვილად სასწაულია. ეს დღე შესაძლებლობაა, გადავხედოთ იმას, თუ რას მივაღწიეთ, და ჩემი აზრით, ამ მხრივ საქართველოსა და ისრაელს შორის ბევრი მსგავსებაა. ორივე ქვეყანა ანტიკურია, ქართველები და ებრაელები 2 600 წლის განმავლობაში თანაცხოვრობდნენ, და მაინც, ჩვენი სახელმწიფოები ძალიან ახალგაზრდაა. ვართ როგორც ძველი, ასევე - ახალი და ამჟამად ჩვენი გამოწვევაა, ძველი ტრადიციიდან ავიღოთ საუკეთესო და გავაერთიანოთ იმასთან, რაც ახალ ტრადიციებშია საუკეთესო. ამ კუთხით, ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი შეუზღუდავია.

- რა არის მთავარი, რაც ისრაელში სხვადასხვა კულტურული და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს თანაცხოვრებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება და რისი სწავლა შეიძლება ამ გამოცდილებისგან?

- ისრაელი 160 სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანების „სადნობი ქვაბია“, ერთად მათ ახალი საზოგადოება უნდა შეექმნათ. ახლა, მოსახლეობის დაახლოებით 72% ებრაელია, მეოთხედი ებრაელი საერთოდ არ არის. ისრაელის შეიარაღებული ძალების უმრავლესობა მუსლიმია, ზოგი ქრისტიანია. გვყავს ბედუინები და სხვა უმცირესობები, მაგალითად, ჩერქეზები. ასე რომ, ყველას უნდა შეგვექმნა საერთო ნარატივი, რომელიც გაგვაერთიანებდა, და რასაკვირველია, ეს ადვილი არ ყოფილა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - ხანდახან ეთნიკურ და რელიგიურ დაძაბულობებს აქვს ადგილი. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს სადნობი ქვაბი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ისრაელის ელჩებიდან ბევრი ჩემი კოლეგა ქალია, ბევრია არაბი, მუსლიმები, ქრისტიანები... გვყავს გეი დიპლომატები, ელჩები ქვეყნის ყველა უმცირესობიდან. ისრაელის პარლამენტში, უზენაეს სასამართლოში არაბი ებრაელი წევრები საქმიანობენ. არ ვამბობ, რომ ეს იდეალურია, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს, ისევე, როგორც საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, მაგრამ როდესაც ისტორიას ვიხსენებ, უკან კმაყოფილებით ვიყურები.

რაც შეეხება საქართველოს, ის მშვიდობიანი თანაარსებობის გამოა ცნობილი. ისტორიის განმავლობაში, საქართველო არა მხოლოდ ქართველებისთვის იყო სახლი, არამედ - აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, რუსებისთვის, ებრაელებისთვის, სპარსებისთვის, თურქებისთვის. ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ასეთი გრძელი გზა გამოიარა და ამჟამად ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის კანდიდატია, მიუთითებს, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, საქართველო დიდი წარმატების ისტორიაა.

ეკა აბაშიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა