ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც „ნაცმოძრაობის" ინიციატივით დაინიშნა, ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც „ნაცმოძრაობის" ინიციატივით დაინიშნა, ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა, რომელიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინიციატივით დაინიშნა, კვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, რიგგარეშე სხდომაზე მათ მიერ შედგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვა იგეგმებოდა, თუმცა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები სხდომას არ დაესწრნენ.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს. მან მმართველი გუნდი, უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა სრულყოფილი არ არის და რეგლამენტის დარღვევითაა წარდგენილი.