ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფაშიზმთან ბრძოლას 2500 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„საქართველოში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნა. კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერთან, ფაშიზმთან ბრძოლას 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის, 2500 ფოთელის. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დიდია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ყველა ვეტერანსა და მათთან გათანაბრებულ პირს ვულოცავ 9 მაისს და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს“, -განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მერის N 04/643 ბრძანებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს ერთჯერადი ფულადი პრემია დღესვე გადაეცათ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს სასურსათო კალათები გადაეცათ.

























