თორნიკე რიჟვაძე - სახელმწიფო და კერძო სექტორი ძალიან მალე დაუბრუნებს ტურიზმს მზარდ დინამიკას

თორნიკე რიჟვაძე - სახელმწიფო და კერძო სექტორი ძალიან მალე დაუბრუნებს ტურიზმს მზარდ დინამიკას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დღეს, ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესს, რომელიც ტურიზმიდან დაიწყება. ტურიზმის ეფექტური გახსნა კი უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აჭარაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტურიზმის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე სტანდარტებს შეიმუშავებს, რაც ტურისტული სეზონის უსაფრთხო წარმართვისთვის აუცილებელია. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კრიზისის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მალე გახდება შესაძლებელი ტურიზმის სექტორმა დაიბრუნოს მზარდი დინამიკა.

„კრიზისის პირველივე დღიდან ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრია ამოგვიდგა მხარში და გვქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა. უკვე ყველა ვხედავთ, რომ ზოგადად ამ ინფექციას, კრიზისს აქვს შესაბამისი შედეგები, თუმცა ეს გარკვეულწილად არის გამოწვევა და შესაძლებლობა. დარწმუნებულ ვარ, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობით ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.