თორნიკე რიჟვაძე ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს გაეცნო

აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.
„საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, თითოეულ გლეხს, ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება ფაქტობრივად უფასოდ შეეძლებათ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალსოფელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ჩითილების გამოყვანა, რაც დაურიგდებათ ფერმერებს, გლეხებს და ისინი შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი წარმოება. ჩითილები ფერმერებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

























