ირაკლი ტაბაღუა - რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

ირაკლი ტაბაღუა - რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან რუსთავში შესვლასა და სხვა ქალაქებში გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება, მომავალში დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებრივი დისტანცირებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვაზე.

„დღეიდან ქალაქი გახსნილია და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, გარდა კომენდანტის საათისა - 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე და ეს რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. ქალაქში სტაბილური, ასე ვთქვათ კონტროლირებადი სიტუაცია გვაქვს. ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მიდგომაზე, იმაზე თუ როგორ დაიცავენ ისინი დადგენილ წესებსა და რეგულაციებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის მოსახლეობა ამას შეძლებს და მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით, აქტივობით ყველა რეგულაციას შეასრულებს, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ხვალ და ზეგ უფრო მობილიზებული იყოს ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქში სულ 9 შემთხვევა დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების, აქედან 8 გამოჯანმრთელდა. მეცხრე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიმპტომები აღარ აქვს და დღე-დღეზე ელოდებიან მის გამოჯანმრთელებას.