ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებები დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებები დაამტკიცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს და დაამტკიცეს ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული საკითხი 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან. ამ ცვლილებების მიხედვით, გაორმაგდება რამდენიმე პროგრამის დაფინანსება: "ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების" და „ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის" პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარს მიიღებენ.

ცვლილება შევა ასევე "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც. იმისთვის, რომ ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქვეპროგრამა არ შეწყდეს, შეზღუდვების გაუქმებამდე, ბენეფიციარებისთვის დისტანციური მომსახურეობის(მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის(აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა, დღეს კი, დეპუტატები ისევ სათათბირო დარბაზში შეიკრიბნენ.