ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება

„ევროპული საქართველოს” ერთი-ერთი წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და არავინ დაიჯერებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციის ბრალია.

როგორც აბესაძე აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ აუცილებელია ქვეყანაში ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები და სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის არის ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი კრიზისული და ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გარემოში ჩატარდება არჩევნები. თუ ჩვენ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები და თუ ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების სასამართლოს სისტემის დანაშაულებრივი გამოყენებით დევნას, რა თქმა უნდა, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის და არავინ დაიჯერებს დღეს ოპოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალებას, ისევე, როგორც არავის სჯერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ თავის დროზე ბერაიამ და ხუნდაძემ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხორციელების პირობა ივანიშვილმა მისცა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.

სრული, 100%-იანი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე არის ივანიშვილზე, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ მისთვის საზოგადოების ინტერესებზე მაღლა სამწუხაროდ, დგას პირადი ბოღმა და ზიზღი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რითაც აზიანებს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს, მაგალითად მიიღოს მილიარდობით ლარის დაფინანსება და დახმარება ევროპული ქვეყნებიდან. მათ შორის შეიძლება შეფერხდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია, სამაგიეროდ, ის საკუთარი ახირებების ფონზე აგრძელებს ცხოვრებას, რაც პირველ რიგში მას მწარედ დააზიანებს როგორც ქვეყნის შიგნით - ამომრჩეველი გასცემს მას პასუხს, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც როგორც ჩანს, მას მართლაც მოუწევს პერსონალური სანქციების მიღება”, - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა