„ნაცმოძრაობის“ წევრი - „ქართული ოცნება" გეგმავს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების პარტიული შეხედულებების მიხედვით დახარჯვას - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

„ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია მმართველ გუნდს სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებს. პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თვითდასაქმებულების დახმარების შესახებ, იმ დღესვე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა და გააჟღერა, რომ უკვე ჰქონდათ სიები, ვისაც დაეხმარებოდნენ. გიგა შუშანიას თქმით, პანდემიით დაზარალებული პირების სიებს ადგენენ უბნის მაჟორიტარები და „ქართულმა ოცნებამ" წინასწარ შეადგინა არა თვითდასაქმებულების, არამედ საკუთარი მხარდამჭერების სიები.
გიგა შუშანია მომხდარის გამოძიებას და დამნაშავე პირების გამოკითხვას მოითხოვს.
„ქართული ოცნების" წევრმა, მარეხი ნიჟარაძემ, ვიდრე პრემიერი გახარია საზოგადოებას გააცნობდა თვითდასაქმებულებისათვის 300 - ლარიანი დახმარების შესახებ, ინტერვიუში აღიარა, რომ „ქართული ოცნების" მიერ წინასწარ იქნა შედგენილი მათი მხარდამჭერების სიები, რომელთა დახმარებასაც აპირებდნენ. სწორედ ამის გამო ხელისუფლება 840 ათასი თვითდასაქმებულის ნაცვლად აპირებს, მხოლოდ 240 ათასის დახმარებას.
ეს ინტერვიუ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება" გეგმავს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დახარჯვას პარტიული შეხედულებების მიხედვით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოვითხოვთ, აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ქუთაისის საკრებულოს ის წევრები და ქართული ოცნების აქტივისტები",-განაცხადა გიგა შუშანიამ.
„ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის მარეხი ნიჟარაძის თქმით, გიგა შუშანია ცრუობს, რადგან მან ინტერვიუ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ მისცა. მისივე თქმით, როგორც მაჟოროტარმა დეპუტატმა იცის, ვინ არის მის უბანში თვითდასაქმებული და ვინ სოციალურად დაუცველი და კარგად იცის, მის ოლქში პანდემიის გამო ვინ დაზარალდა.

























