ნათია თურნავა - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნები განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ნათია თურნავამ ბერძენ კოლეგას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ეფექტიანმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობა მისცა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს საქართველოში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს თავის უცხოელ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უახლოეს პერიოდში ტურისტების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. მისივე თქმით, პირველი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე გაკეთდება.

„დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან, ჰარი ტეოჰარისთან, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. ერთმანეთს გავუზიარეთ წინასწარი მოსაზრებები, თუ რა აუცილებელი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ ქვეყნებმა ე.წ. მწვანე, უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ტურისტების მიმოსვლა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, მისასალმებელია, რომ საბერძნეთის ავიახაზებმა Aegean Airlines უკვე გამოთქვა მზადყოფნა და დასტური ფრენების სწრაფად დაწყებასთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავებთ საბერძნეთთან და შესაბამის სამინისტროებთან როგორც ამ ქვეყნის, ასევე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ ერთობლივად დავაჩქაროთ საერთო წესების დამკვიდრების პროცესი“, - დასძინა მინისტრმა.

დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო