აკაკი ბობოხიძის განცხადებით, 18 მაისს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

ჩვენ უკვე სისტემატურად დავიწყებთ შეხვედრებს, ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გარკვეული მოცემულობა შეიცვალა და პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვებამაც ახალი გარემო შექმნა, ამასაც უნდა ვუპასუხოთ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ 18 მაისს ოპოზიციაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ბოლომდე შესრულების აუცილებლობაზე ერთიანი განცხადება ადრეც გაკეთდა, შესაძლოა, ამ თემაზე და კონკრეტულად გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია.

„ჩვენ უკვე სისტემატურად დავიწყებთ შეხვედრებს, რადგან არჩევნები ახოლოვდება, რომელიც ჩატარდება ან შეცვლილი ან არსებული სისტემით და ამის გამოც უფრო ინტენსიურად უნდა შევიკრიბოთ. ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გარკვეული მოცემულობა შეიცვალა და პოლიტპატიმრების ნაწილის გამოშვებამაც ახალი გარემო შექმნა, ამასაც უნდა ვუპასუხოთ, ამ თემებთან დაკავშირებით ბუნებრივია, საჭიროა შეხვედრა და კვლავ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მე მიმაჩნია, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს ბოლომდე და ნაწილობრივი შესრულება, მე პირადად, არ მაკმაყოფილებს. ვგულისხმობ, გიორგი რურუას გათავისუფლებას, ანუ კვლავ ძალაში რჩება შეთანხმების ორი ნაწილის ურთიერთკავშირი, ხმები ცვლილებებთან დაკავშირებით ექნებათ, თუ რურუას ნაწილში შეთანხმება შესრულდება. ამ თემაზე შეიძლება ახალი განცხადების გაკეთება არ დაგვჭირდეს, რადგან ერთხელ უკვე იყო ზოგადად შეთანხმების სრულად შესრულებაზე განცხადება, მაგრამ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მმართველ პარტიას რაიმე ილუზია არ დარჩეს, რომ მხოლოდ ორი კაცის გამოშვებით ჩვენს პოზიციებში რაიმე შეიცვლება, ამიტომ შეიძლება ხვალ პრინციპში ისევ ეს საკითხი განვიხილოთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, საუბრის თემა იქნება მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის კოორდინირება როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე ზოგადად იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება ან ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლებაში დარჩენა ვერ შეძლოს.

„შეთანხმება შესრულდება თუ არა, ორივე შემთხვევაში ოპოზიციაში კოორდინირება საჭიროა. ერთ შემთხვევაში, კოორდინირება გვიწევს 73 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე შემთხვევაში 30-ში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან კოორდინირება არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების აუცილებელი და მე მიმაჩნია, რომ საკმარისი პირობაც. მთელი ამ დღეების და თვეების განმავლობაში საუბარი გვექნება სწორედ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ გამარჯვებისთვის კოორდინირებული, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლოს ხმების გაყალბება და ძალადობრივი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ არც ერთს ვურჩევ და არც მეორე, რადგან მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ჩვენი პარტნიორებისთვის არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის არჩევნები. არავინ ამ ქვეყანაზე „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს არც გაყალბებას და არც ძალადობრივი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას, არც შიგნიდან და არც გარედან და თუ ამაში კიდევ ვერ დარწმუნდა „ქართული ოცნება“, იხილონ გუშინდელი, გუშინწინდელი, იმისწინანდელი ექსპერიმენტების შედეგი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ექსპერიმენტები ჩაუტარეს თავის ჭკუით პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოვიდა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე, იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ამის შედეგებს. თუ "ქართული ოცნება" შეეცდება ძალადობრივი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება, რაც მიიღეს ამ ექსპერიმენტებიდან, მიიღებენ იმაზე გაცილებით უარესს. თუმცა, ბუნებრივია ჩვენ მათი კეთილგონიერების იმედად არ ვიქნებით, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ძალისხმევის იმედად და ცხადია, სწორედ ჩვენს შესაძლებლობებზე გვექნება საუბარი რა და როგორ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება ქვეყანა გადაჩეხოს უფსკრულში“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა