დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 5 მაისის შემდეგ ეტაპობრივად განახლდა. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით, აგრძელებენ შესაბამის საქმიანობას მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, იოსებ ღარიბაშვილთან ერთად დაბა ჟინვალსა და ქალაქ დუშეთში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა ჟინვალში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება, რომელსაც შპს „საგზაო 7“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 373 470 ლარია.
მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ქალაქ დუშეთში დაიწყო N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა როგორც შენობის შიდა ინტერიერი, ისე სკოლამდელი აღზრდის ფილიალის ეზოც. ბესიკ ბიჩნიგაურის თქმით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის სივრცის ფორმირებას ითვალისწინებს და ეს პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
ამასთანავე, დუშეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს, სადაც მოასფალტებისა და ბორდიურების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს "როუდ სოლუშენი" აწარმოებს.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

























