პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს მიმართავს.

ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა გლობალურია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, პანდემიის შედეგები გაცილებით მძიმე და მტკივნეული იქნება.

პროფკავშირების თავმჯდომარე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს თხოვნით მიმართავს, რომ კომპანიამ საქართველოს მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული დამსაქმებლისთვის დაწესებული შეღავათი შრომითი კოლექტივზე გადაანაწილოს, როგორც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.

„პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისები, როგორც წესი აისახება ხოლმე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა, სოციალურად დაუცველთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებაზე და ასევე მათზე, რომელთა რეგულარული შემოსავლები დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა და სწორედ ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ასეთი ჯგუფები, ნებისმიერი სახის ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, აბსოლუტურად ფინანსური სახსრების გარეშე რჩებიან და მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაწესებული შემწეობები, რაც საერთო ჯამში მილიარდამდე ლარია და თითქოს ამ მხრივ საწუწუნო არაფერი უნდა გვქონდეს, თითოეულ ადამიანზე გასაცემი თანხები მაინც საარსებო მინიმუმზე დაბალია და დიდად ვერ დაეხმარება მათ კრიზისთან გამკლავებაში.

ასეთ დროს რასაკვირველია წინა პლანზე იწევს იმ ინდივიდუალური აქტივისტების, საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნეს-კომპანიების როლი, რომლებიც დამოუკიდებლად, საკუთარი ინციატივით იღებენ ხარჯებს საქველმოქმედო სოლიდარული ღონისძიებების განსახორციელებლად და მოხარულები ვართ, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთერთი ყველაზე მსხვილი აქტორია ამ პროცესში. გარდა საქველმოქმედო ღონისძიებებისა, კომპანიამ ზესტაფონსა და ჭიათურაში საკუთარ თავზე აიღო ურბანული ხასიათის პასუხისმგებლობები ჰიგიენის, სანიტარიისა და ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიმართულებით და მოხარული ვართ, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და მის წევრ დარგობრივ და პირველად ორგანიზაციებს, შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად მოგვიწია ბევრი კარგი და სასარგებლო საქმეების კეთება.

საქართველოს პროფკავშირები სრულად აცნობიერებს იმ დამატებითი ხარჯების მასშტაბს, რომლის გაღებაც კომპანიას მოუწია ეპიდემიის რისკების პრევენციისთვის. ჩვენ ზუსტად ვიცით რა მასშტაბის დანახარჯებს მოითხოვს რამდენიმე ათასი ადამიანისთვის პირბადეების, ნიღბებისა და სადენზინფექციო საშუალებების რეგულარული შეძენა, სამუშაო გრაფიკების კომენდანტის საათთან შესაბამისობაში მოყვანა, დასაქმებულთა შორის სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება და ა. შ.

ქველმოქმედებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენის მიზნით კომპანიის მიერ აქამდე გაწეული ძალისხმევა რა თქმა უნდა დასაფასებელია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განვლილ 4 თვეში საგრძნობლად არის მომატებული ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა ხელფასის მსყიდველობითი უნარი დაქვეითებულია და იმ პროდუქტების ფასნამატის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, რომელთა შესაძენადაც იხარჯება ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულთა ხელფასები (სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და მედიკამენტები), ინფლაცია 10%-ზე მეტს შეადგენს და ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. ანუ, მეტალურგებმა და მაღაროელებმა მაქსიმალურად იშრომეს, იბრძოლეს, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს და ძალღონე არ დაიშურეს, რომ საქართველოს ეკონომიკის სუსტ ადგილებს საკუთარი მხრებით შეხიდებოდნენ და ჩამოშლისგან დაეცვათ, თუმცა თავად ისინი შექმნილმა ეკონომიკურმა რისკებმა და ინფლაციამ არ დაინდო და მათი შრომის ანაზღაურების მსყიდველობითუნარიანობას დიდი დარტყმა მიაყენა.

ეს ვითარება კი გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი კომპანიის დასაქმებულთა სოციალური მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ვფიქრობთ დროა ეხლა კომპანია შეეხიდოს დასაქმებულებს, ანუ საჭიროა დამატებითი სოციალური ღონისძიებები იმისთვის, რომ მუშაკებმა შეძლონ ეკონომიკურ კრიზისთან უფრო ეფექტური გამკლავება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ, რომ კომპანიამ საქართველოს მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული დამსაქმებლისთვის დაწესებული შეღავათი შრომითი კოლექტივზე გადაანაწილოს, როგორც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.

ვფიქრობთ, რომ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის მხრიდან საშემოსავლო გადასახდთან დაკავშირებული შეღავათის დასაქმებულებზე გადანაწილება ერთის მხრივ იქნებოდა უაღრესად პოზიტიური ჟესტი დასაქმებულთა გმირობის დაფასების მხრივ და მეორეს მხრივ იმის აღნიშვნა, რომ კომპანიისთვის შრომითი კოლექტივის თითოეული წარმომადგენელი ბიზნესის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ბატონო ნიკოლოზ - თუ ხელისუფლების მიერ დამსაქმებლის მიმართ გაწეული საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის დასაქმებულებისთვის გადანაწილებაზე წინამდებარე წერილში უდიდესი თხოვნით მოგმართეთ, განსხვავებული აქცენტით უნდა წარმოგიდგინოთ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის იმ მუშაკთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომლებიც ეგრედწოდებული ,,სპეც-რეჟიმის“ პირობებში იმყოფებიან და შრომის ანაზღაურების მხოლოდ 30%-ს აიღებენ.

ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის რამდენიმე ობიექტზე სამუშაო პროცესი პარალიზებულია იმგვარი მიზეზებით, რომლებიც დამსაქმებლის ბრალით არ არის გამოწვეული, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამაში არც დასაქმებულებს მიუძღვით რაიმე წვლილი, ხელფასის 30%-ით კი მიმდინარე კრიზისის პირობებში არსებობა რომ ფაქტიურად შეუძლებელია, დარწმუნებულები ვართ, რომ ამაზე ვთანხმდებით.

მსოფლიო პანდემია და COVID19-ის გავრცელების რისკები რა თქმა უნდა შესაძლებელია განხილული იქნას როგორც ფორს-მაჟორი და დაუძლეველი დაბრკოლება, მაგრამ ის, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მოახდინა კომპანიის სამუშაო ადგილების უკანონო ბლოკირება, ეს ვერ იქნება შეაფასებული როგორც ფორს-მაჟორი, რადგან თავად ბლოკირებულ ობიექტთა მუშაკები დასაქმებას ითხოვენ, მზად არიან შრომის კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულონ და ასევე მზად არიან სამუშაო პროცესი აღადგინონ მაშინვე, როგორც კი კომპანია მოახერხებს შეუფერხებელი წარმოების პირობების უზრუნველყოფას.

თუ კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ასეთი შემთხვევებისთვის პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაში არსებობს 8.7 პუნქტი, რომელიც ამბობს:

„ეკონომიკური და კოლექტიური ხელშეკრულების სუბიექტებისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებებით განპირობებული იძულებითი მოცდენის შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოწვეული არც დამსაქმებლის და არც დასაქმებულის ბრალით და იწვევს წარმოების მოცულობის მთლიან ან ნაწილობრივ შემცირებას, ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას გამონთავისუფლებულ მუშაკებს დროებით შეუჩეროს შრომითი ურთიერთობა ნაწილობრივი ანაზღაურებით, სატარიფო განაკვეთის 60%-ისა და სამედიცინო დაზღვევის საოჯახო პაკეტის შენარჩუნებით“.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ბლოკირებული ობიექტების მუშაკთა შრომის ანაზღაურების ტარიფის საკითხი კომპანიამ კოლექტიური ხელშეკრულების 8.7 პუნქტის შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხის დარეგულირება მხარეებს სასამართლოს მეშვეობით არ მოგვიწევს, მით უმეტეს, რომ ჩვენ, როგორც სოციალურმა პარტნიორებმა - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა“, უკვე შევძელით სოციალური დიალოგის ხელშემწყობი არაერთი პლატფორმის შექმნა და ეფექტური თანამშრომლობის საკმაოდ მოცულობითი გამოცდილებაც დავაგროვეთ და ამ ფონზე ალოგიკურად მიგვაჩნია რაიმე საკითხის დასარეგულირებლად პროცესში სასამართლოს ჩარევა დაგვჭირდეს.

ჩვენის მხრივ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში კომპანიასთან დამატებითი შეხვედრები გავმართოთ, სადაც ეკონომიკური ანალიტიკოსებისა და იურისტების კოსულტაციებზე დაყრდნობით წარმოვადგენთ დამატებით არგუმენტებს ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამიამიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა