დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, შეზღუდვების გარეშე შესაძლოა, პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, შეზღუდვების გარეშე შესაძლოა, პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას. აღნიშნულის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს იხლავენ. დეპუტატი აცხადებს, რომ შემზღუდავი ღონიძიებები, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა და საფრთხე არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს გარკვეული კითხვები აქვს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

„მიუხედავად ამ ბოლოდროინდელი განვითარებული პროცესებისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. თუ პანდემია იქნა მზარდი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს საფრთხე შეექმნება და თუ ჩვენ ეს რეგულაციები სწორედ ამის გამო არ შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შევუშალოთ ხელი.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს - ის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მე ვერ ვხედავ ამ წინააღმდეგობას, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და თუ ვინმე მაინც ჯიუტად დადგება ამ პოზიციაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, არსებობს ამის ბერკეტიც - საკონსტიტუციო სასამართლო და შეუძლია გასაჩივრებაც კი, თუკი ვინმეს ამის სურვილი ექნება,“- აცხადებს ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი ამბობს, სპეკულაცია, რომ ვიღაცას შეზღუდვების ბოროტად გამოყენება სურს, უადგილოა.

„არ უნდა დაგვრჩეს იმის ეჭვი, რომ ვიღაც ამას იყენებს რაღაცისთვის, ეს რაღაც არის მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ ვინმეს ეს რაღაც უნდა, ამის საშუალებას უკვე იძლევა ის კანონი, რომელიც არის მანამდე მიღებული. ასე რომ, აქ სპეკულაციები მე ვფიქრობ, სრულიად უადგილოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოცემულობა გვაქვს ასეთი - ვდგავართ სამი არჩევანის წინაშე: გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა და ამით დავიცვათ საზოგადოება პანდემიის გავრცელებისგან, ვიზრუნოთ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეჭვქვეშ დავაყენოთ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა; მეორე არჩევანი, ეს არის გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, ხელი შევუწყოთ კონსტიტუციური ცვლლებების მიღებას, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საფრთხე შევუქმნათ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მესამე არჩევანი ეს გვაქვს: გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა, ხელი შევუწყოთ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას, მთავრობის უფლებამოსილების დაზუსტების გზით გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან და საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების ჯანმრთელობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისათვის, ახალი კანონპროექტი მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევს. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა