„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებული იმ პირების შრომის ანაზღაურებისა და შესაძლო დასაქმების საკითხი განიხილეს, რომლებიც 2020 წლის 17 თებერვლიდან მოყოლებული სოფელ შუქრუთში მაღაროების ბლოკირების გამო შრომით მოვალეობებს არ ასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან გაცხადებულ შეღავათთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, რომლის გადანაწილების თხოვნითაც გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „ჯორჯიან მანგანეზს“ მიმართა.

მათივე ცნობით, მხარეებმა დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მემორანდუმზე ხელმოწერებით დაადასტურეს.

კერძოდ: „ჯორჯიან მანგანეზი“ ვალდებულებას იღებს, 22 მაისამდე, იმ 677 დასაქმებულიდან, რომელიც მაღაროების პიკეტირების გამო შრომით მოვალეობებს არ ასრულებს, 600-მდე პირი მათი პოზიციის, კომპეტენციისა და სტაჟის გათვალისწინებით, სხვა ობიექტებზე არსებულ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებზე დაასაქმოს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ასეთ დასაქმებულებს მიეცემათ შესაბამისი შრომის ანაზღაურება სატარიფო განაკვეთის 100%-ის ოდენობით; მემორანდუმის მიხედვით, პიკეტირებული ობიექტების ის დასაქმებულები, რომლებიც ახალ ობიექტებზე ვერ დასაქმდებიან, შრომით ანაზღაურებას 60%-ის ოდენობით მიიღებენ; რაც შეეხება მთავრობის მიერ, საშემოსავლო გადასახადთან დაწესებულ შეღავათს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში გაცხადებულ შეღავათთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება შევა, „ჯორჯიან მანგანეზი“ და პროფკავშირები ერთობლივ კომისიას შექმნიან, რომელიც მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ამის შემდეგ, აღნიშნული კომისია შეისწავლის და განსაზღვრავს, თუ რა დამატებითი ხარჯები წარმოიშვა და შეიძლება წარმოეშვას კომპანიას ახალი კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო. სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სქემითაა მიზანშეწონილი მთავრობის შეღავათის შედეგად გამოთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადის თანხების გადანაწილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიზისულ პერიოდში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ და პროფკავშირების ადმინისტრაციამ უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება - სკრინინგპროგრამიდან დაწყებული სოციალური დახმარებით დამთავრებული, განახორციელა და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტები იყო, მაინც არსებობდა რეალური განცდა, იმისა, რომ სოციალური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა, როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე იქ დასაქმებული პირები. მოხარული ვარ, რომ დღეს, შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში, დასაქმებულების ინტერესები გაითვალისწინა, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, კომპანიის მიზანია დასაქმებული ადამიანებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნა და სტაბილურობის განცდის შენარჩუნება.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა