ნინო თანდილაშვილი „ტყის კოდექსზე“ - ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ საპატრიარქოს ვინმეზე უპირატეს მდგომარეობაში ვაყენებთ

სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ საპატრიარქოს ვინმეზე უპირატეს მდგომარეობაში ვაყენებთ. აქ არავის დისკრიმინაციაზე არაა საუბარი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა. მინისტრის მოადგილე არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის ნაწილის აზრს, რომ ტყის კოდექსი კონკრეტულ რელიგიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემა არჩევნებს უკავშირდება, ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ „ტყის კოდექსში“ არ იკითხება წინასაარჩევნოდ ლოიალობის მოპოვების მცდელობა.

„ყველას, მათ შორის ფიზიკურ პირსაც, შეუძლია, განსაკუთრებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკუთრებაში იქონიოს ტყე და საპატრიარქოც უფლებამოსილია, ოღონდ ძალიან კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასევე, საუბარი იყო, რომ გადაცემა უსასყიდლოდ მოხდება. ცხადია, უსასყიდლოდ გადაცემა გათვალისწინებული არაა. რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან არსებულ განცხადებებს, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ზოგადად და დღეს არსებული პოლიტიკა ქვეყანაში ისეთია, რომ დისკრიმინაციული მიდგომები მაქსიმალურად არის გამორიცხული და ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ რაიმე ტიპის დისკრიმინაციაზე, ცალსახად უნდა განვმარტოთ, რომ არცერთ კონფესიას, არცერთ რელიგიურ წარმომადგენლობას დღეს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ აქვს არც სპეციალური ადგილები მოწყობილი სამლოცველოდ და არც შესაბამისი ადგილები, რომლის გადაცემის საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დამდგარიყო“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რა ვალდებულებები ექნება საპატრიარქოს ახალი „ტყის კოდექსით“, იმ ტყის ფართობთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, რომ მას გადაეცეს.

„რაც შეეხება საპატრიარქოს საკითხს, მინდა განმარტება გავაკეთო, დღეს უკვე არსებული, მოქმედი „ტყის კოდექსი“ ითვალისწინებს საპატრიარქოსთვის მიწების საკუთრებაში გადაცემას. ეს ტყის კოდექსი, რომელიც მოქმედია, 1999 წელს იქნა მიღებული. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ისტორიულად ეკლესია-მონასტრები, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მდებარეობს ტყის ტერიტორიაში. სწორედ აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იყოს დაცული და მეორე მხრივ, მიმდებარე ტყის ფართობები მოვლილი, თავის დროზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, აქ ჩვენ განსხვავებული მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ გაგვიკეთებია და ამის უმთავრესი მიზანი გახლავთ ის, რომ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიები, თუკი საპატრიარქოს ამის სურვილი ექნება, ისარგებლოს ამ ტერიტორიებით, მოუაროს მას, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ვალდებულება, თუკი გადაწყვეტს, რომ ეს ტერიტორიები მთავრობისგან მიიღოს. ეს ვალდებულებები გახლავთ ამ ტერიტორიების ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების შედგენა, ამ ტერიტორიების მოვლა, დაცვა, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, სანიტარული ჭრების განხორციელება, სატყეო სპეციალისტების დასაქმება,“ - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა