გიორგი ხანიშვილი გორის მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესს გორის მუნიციპალიტეტში გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილე რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან და შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროგრამა წარმატებით და შეფერხებების გარეშე განხორციელდეს. ფერმერები პროგრამით დარიცხული ქულების გამოყენებას 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით შეძლებენ. მასობრივი შეკრებების თავიდან ასაცილებლად, ბანკში ვიზიტამდე, მათ დისტანციურად უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია ბანკის ვებ-გვერდზე; ფერმერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილის, ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, შიდა ქართლის რეგიონში აგრობარათს 40 000-ზე მეტი ფერმერი მიიღებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს უკვე შეუძლიათ, დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). პროგრამაში მონაწილეები დარიცხული ქულებისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე myliberty.ge მიიღებენ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს