ISFED - ცრუ მედიის ახალ გვერდებზე დაკვირვება აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, მათ უკან იგივე აქტორები იდგნენ, რომლებიც „ფეისბუქის“ მიერ გაუქმებული გვერდების საქმიანობას განაგებდნენ

ცრუ მედიის ახალი გვერდების მოქმედებაზე დაკვირვება აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, მათ უკან იგივე აქტორები იდგნენ, რომლებიც „ფეისბუქის“ მიერ გასული წლის დეკემბერში გაუქმებული გვერდების საქმიანობას განაგებდნენ,- ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) პუბლიკაციაშია აღნიშნული.

პუბლიკაცია სახელწოდებით ''Facebook წმენდას გადარჩენილი ცრუ მედიის ქსელი'' ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გვერდებსა და მათი მოქმედების სპეციფიკას შეეხება და მასში აღნიშნულია, რომ თუკი ადრე ცრუ მედიების სტრატეგია რაც შეიძლება მეტი გვერდის შექმნაში გამოიხატებოდა, ამჯერად მთავარი აქცენტი მოქმედების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მცირე რაოდენობის გვერდების მაქსიმალურ დატვირთვაზე და კოორდინაციის დამალვის მცდელობაზე კეთდება.

„დღესდღეობით ყველაზე მეტი აქტივობა ცრუ მედიის ხუთ გვერდზე მოდის, რომელთა სავარაუდო არაავთენტური ქცევის არაერთი ნიშანი გამოვლინდა. ამასთან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, ცრუ მედიის გვერდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საგულისხმოა, რომ მსგავსი გვერდების მოქმედების სტრატეგიის ხასიათი სანდოობის ილუზიის შექმნაა, რადგან „ფეისბუქის“ მომხმარებელს პოლიტიკური პროპაგანდა მოჩვენებითად ახალი ამბების სახით მიეწოდება. ამავე დროს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად ნარჩუნდება პოლიტიკური მიზნით არადეკლარირებული თანხების გამოყენება ან/და მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების არსებობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება საქართველოში „ფეისბუქის“ მიერ რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილი სახით ამოქმედებისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ISFED-სვე ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში „ფეისბუქმა“ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საქართველოში შიდა პოლიტიკურ კამპანიებში ჩართული 943 გვერდი, პროფილი, ჯგუფი და ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი ცრუ მედიების ქსელიც მოხვდა. აპრილში წაშლილი ცრუ მედიის გვერდების მოქმედების მთავარი ტაქტიკა მათთან კოორდინირებული პროფილების მეშვეობით პოსტების ღია და დახურულ ჯგუფებში გაზიარება იყო. მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერს, პლატფორმიდან კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშლილ 344 ქართულ გვერდს შორის ასევე იყო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული 35 ცრუ მედიის ტიპის გვერდი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ცრუ მედიის გვერდები პრაქტიკულად ყოველდღიურ დასპონსორებულ კამპანიას ეწეოდნენ ხელისუფლების/მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპონენტების საწინააღმდეგოდ.

ISFED-ის პუბლიკაცია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა