„საქნახშირში“ „ძიძიგურის“ სახელობის შახტის რეაბილიტაციის გეგმა განიხილეს

2020 წლის 21 მაისს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და „ძიძიგურის“ სახელობის შახტის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც #4 უბნის რეაბილიტაციის გეგმა განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „საქნახშირის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო შახტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი. კერძოდ, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფა; არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, სასწრაფო წესით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმასა და ამწე კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებაზე მსჯელობა.

კომპანიის ცნობით, მონაწილეებმა განიხილეს #4 უბნის გრძელვადიანი სარეაბილიტაციო გეგმის პირველი ნაწილი და შეთანხმდნენ, რომ, თავდაპირველად, მოხდება არსებული დანადგარის („კლეტის“) გეგმური რემონტი. ამის შემდეგ კი განხორციელდება სარეაბილიტაციო გეგმის შემდგომი ეტაპის სამუშაოები, რაც გულისხმობს #4 უბნის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განახლებას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ამ დროისთვის „ძიძიგურის“ სახელობის შახტზე უკვე აქტიურად ტარდება ამწე დანადგარის რეაბილიტაციის გეგმური სამუშაოები და მიმდინარეობს მთლიანი რეკონსტრუქციის გეგმის დახვეწა/დამუშავება.

„შეგახსენებთ, რომ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, ამწე ბაგირის ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, საჭირო გახდა ახალი ბაგირის შეძენა და ძველის გამოცვლა. აღნიშნული სამუშაოების გამო, მოხდა ამწე დანადგარის გაჩერება და შესაბამისად, თებერვალში „ძიძიგურის“ შახტის თანამშრომლები #4 საექსპლუატაციო უბანზე „მინდელის“ სახელობის შახტიდან ჩადიოდნენ (კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო თანამშრომლების ტრანსპორტირება „მიდნელის“ შახტზე). ამწე დანადგარის გაჩერების შემდეგ, შესაძლებელი გახდა, საამწეო კომპლექსზე სრული რევიზიის ჩატარება.

26 თებერვალს შეიქმნა ამწე დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელსაც დაევალა დათვალიერების დეფექტური აქტის შედგენა. დათვალიერებისას გამოვლინდა ამწე დანადგარის დამატებითი ნაკლოვანებები. ბაგირის შეცვლის სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგა ახალი კომისია, რომლის მიზანიც იყო მეორადი კვლევის ჩატარება ამწე მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიამ დაადგინა, რომ ამწე დანადგარი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. დასკვნის საფუძველზე მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის შედგენა და ხარჯების აღრიცხვა. 21 მაისს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს „ძიძიგურის“ შახტის ამწე დანადგარის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, გარემონტებული დანადგარის კომისიისთვის წარდგენა და სარეაბილიტაციო გეგმის შემდეგ ეტაპებზე მუშაობა. ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები, „ძიძიგურის“ სახელობის შახტის თანამშრომლები და კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლები უახლოეს დღეებში კვლავ შეხვდებიან და სარეაბილიტაციო გეგმის დარჩენილ საკითხებს განიხილავენ“, - აღნიშნულია კომპანია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო