თინა ბოკუჩავა - აქ პოლიტიკური ქულის დაწერას და საბნის საკუთარი მხარისკენ გაქაჩვას არავინ ცდილობს

აქ პოლიტიკური ქულის დაწერას და საბნის საკუთარი მხარისკენ გაქაჩვას არავინ ცდილობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ის ინიციატივით გამოდის, რომ ცალკეულ ერთეულში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს, თუმცა მოიხსნას ისეთი შეზღუდვები, როგორიც იყო მაგალითად ოჯახის წევრებისთვის ერთი ავტომობილით მგზავრობის აკრძალვა.

„აბსოლუტურად გვესმის, რომ ჯანმრთელობის დაცვა არის ლეგიტიმური მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების შემოღება საჭირო იყოს. ამას ვიზიარებდით მაშინაც, როცა საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ. ასევე გვესმის, რომ ამ პარლამენტს მისაღები აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელოვანი პაკეტი. გვესმის, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის წესიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება ამ ცვლილებების მიღება, 8 მარტის შეთანხმების ყველა ნაწილი რომც შესრულდეს და ოპოზიციას ამ პროცესში თანამონაწილეობა შეეძლოს. ჩემი აზრით, ამ თემაზე საჯაროდ გულახდილად საუბარიც გვმართებს მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე, რომ აქ არავინ პოლიტიკური ქულის დაწერას და საბნის საკუთარი მხარისკენ გაქაჩვას არ ცდილობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ და მოგიწოდებთ, რომ უფრო ნიუანსირებული მიდგომა იქნებოდა უმჯობესი, თუნდაც მოკლე დროით და თუნდაც დროში შეზღუდულად დავუშავთ იმის შესაძლებლობა, რომ შეიზღუდოს თუნდაც ერთი მოქალაქის და არა გეოგრაფიული ერთეულის კონსტიტუციური უფლებები. ახლა, როდესაც არ მიმდინარეობს კონსტიტუციის საჯარო განხილვა და რამდენადაც ვიცით, ეს განხილვები ივნისის ბოლომდე არ დაიწყება, მაგალითად, შემოგთავაზებდით საგანგებო მდგომარეობას ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვებით, მაგალითად იმ არაგონივრული შეზღუდვების მოხსნით, როგორიც იყო ცოლ-ქმრის წინა სავარძელში ჯდომის აკრძალვა, ან თუნდაც ოჯახის წევრებისთვის ერთი ავტომობილით მგზავრობის აკრძალვა. უფრო გონივრული შეზღუდვების გათვალისწინებით, მივიღოთ ისევ კი ბატონო, თუნდაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ერთეულში. ვიდრე საკონსტიტუციო განხილვების დავიწყებთ და საკონსტიტუციო საკითხების განხილვისთვის ხომ რეალურად შემჭიდროვებული ვადებიც საკმარისია, იქნებ, ივნისის დასაწყისში საერთოდ აღარ იყოს ასეთი ეპიდემიოლოგიური სურათი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა