სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვასა და არსებული რეზერვების არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს.
კერძოდ, აუდიტის სამსახურმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება გამოქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 18,136.8 ათასი ლარით შემცირდა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 34,449.3 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებლის 34.6%-ია. მოხსენების თანახმად, ნაშთის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავდა წინა პერიოდის დასკვნებსა და მოხსენებებში, თუმცა გაცემული რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივაა გათვალისწინებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული, სრული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას, დაგეგმვასა და განხორციელებას.
„გამოკვლეულ უნდა იქნეს ბიუჯეტის დროულად შეუსრულებლობის თითოეული შემთხვევა და სუბიექტური მიზეზების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების მიმართ გატარდეს სათანადო ღონისძიებები,” - აღნიშნულია მოხსენებაში.
ამასთან, აუდიტის სამსახური აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრივატიზაციის პროცესის არასათანადო მენეჯმენტზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებითა და ახალი რესურსების მოძიების გზით, უზრუნველყოფილ იქნეს პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელება.
„უნდა განხორციელდეს ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებული ყველა საჯარო ქონების დროული მოძიება-აღრიცხვა და რეგისტრაცია, ხოლო საპრივატიზებო ქონების შემთხვევაში − მიზნობრივი სეგმენტის სწორად შერჩევა და ეფექტიანი მარკეტინგი,”-აღნიშნულია მოხსენებაში.
ამას გადა, აუდიტის მოხსენებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის დეკემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ათვისებული საბიუჯეტო რესურსის მოცულობა, 11 თვის საშუალო თვიურ მაჩვენებლის 306.2%-ია. აუდიტის სამსახურის შეფასებით, წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გადასახდელების მოცულობის არსებითი ზრდა საჯარო ფინანსების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს.
რაც შეეხება ბუიჯეტიდან აუთვისებელ თანხებს, ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვები არ ხორციელდება ან ხორციელდება არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. აუთვისებლობის ერთ-ერთი მიზეზია ასევე ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიები, რაც რიგ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშეა განსაზღვრული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოხსენება სრულად იცილეთ ბმულზე: