აჭარაში მუსლიმებმა რამაზან-ბაირამი აღნიშნეს

აჭარაში ყველა მოქმედ მეჩეთში რამაზან-ბაირამი აღნიშნეს. მორწმუნეები სამლოცველოებში დილიდან შეიკრიბნენ, სადაც სადღესასწაულო ლოცვა ჩატარდა. ბათუმის ორთა ჯამეში ხალხმრავლობა იყო, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ შეასრულა.
მორწმუნეებს პირბადეები ეკეთათ და ლოცვისას დისტანციას იცავდნენ, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ ლოცულობდა. პანდემიასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს სამუფთო და სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.
"მინდა მივულოცო ბაირამის უდიდესი დღესასწაული ყველა მუსლიმს. მადლობა მინდა გადავუხადო მრევლს ასეთი ორგანიზებული მოქმედებისთვის, განვიცდიდით მრევლთან დისტანცირებას პანდემიის პირობებში. მადლობა ღმერთს სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, რასაც შევთხოვდით ღმერთს ყველა მორწმუნე და საშუალება მოგვეცა შევკრებილიყავით. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, მთელი მსოფლიო.
მეჩეთებში პარასკევის ლოცვები წესების დაცვით გაგრძელდება ", - განაცხადა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
რამაზან-ბაირამის დღესასწაულამდე მუსლიმი მრევლი 30 დღიან მარხვას იცავს. წესის მიხედვით, მორწმუნეებს მარხვისას მზის ამოსვლიდან - ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ. ამ დღეს, მორწმუნეები სადღესასწაულო ტკბილეულს "ჰალვას" ამზადებენ და ახლობლების საფლავებთან მიდიან.

























