ფოთში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთი მცირეწლოვანის ლაბორატორიული კვლევის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ ორ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ელოდებიან წლის და ოთხი თვის ბავშვის ანალიზის პასუხს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შეიყვანეს.
,,ორ პაციენტს - 10 წლის ბიჭს ფოთიდან, ასევე 75 წლის მამაკაცს ლანჩხუთიდან კორონავირუსი არ დაუდგინდა. ახლა ჩვენთან, ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულია წლის და ოთხი თვის გოგონა. იგი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შემოიყვანეს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის უკვე გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით, ან დილით გახდება ცნობილი“ , - განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში კორონავირუსზე საბაჟოსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი გამოიკვლიეს. მათივე ცნობით, ყველა პასუხი უარყოფითია.

























