ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ მცირეწლოვანს კვლევის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ მცირეწლოვანს კვლევის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მცირეწლოვანს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პირველი დილაა, რაც სამედიცინო დაწესებულებას საეჭვო სიმპტომების პაციენტი არ ჰყავს.

,,წლის და ოთხი თვის გოგონას კორონავირუსი არ დაუდგინდა. იგი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული. პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის გაიგზავნა, უარყოფითი პასუხი მივიღეთ და გავწერეთ კლინიკიდან. ფოთის ,,ცხელების კლინიკა“ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ფუნქციონირებს, ამ პერიოდის განმავლობაში, საეჭვო სიმპტომების მქონე 243 პაციენტი გავატარეთ. ეს პირველი შემთხვევაა, რომ მთელი ღამის და დილის განმავლობაში ,,კოვიდ 19"-ზე სავარაუდო ან საეჭვო პაციენტი არ შემოსულა. ჩვენი მედპერსონალი სრულადაა მობილიზებული, ჯერ მოდუნების დრო არაა,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, საბაჟოსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის თანამშრომლების კვლევა კორონავირუსზე დასრულდა. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით მეორედ განხორციელდა.