დუშეთის ცენტრალურ მოედანზე 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა მოეწყო

საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი ეროვნული სიმბოლიკა და 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დისტანციურად მოესმინა ილია ზაქაიძის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აჟღერებული სახელმწიფო ჰიმნი და სხვა პატრიოტული კომპოზიციები.
"მსოფლიო პანდემიის პირობებში, 26 მაისი მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიების გარეშე, მოკრძალებულად აღინიშნება, თუმცა იმედი გვაქვს ერთმანეთის გვერდში დგომით დავძლევთ ყველა სირთულეს და მალე მივაღწევთ იმ საერთო მიზანს, რომელსაც ჩვენი ერთიანი და ძლიერი სამშობლო ჰქვია. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

























