ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 122 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 122 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 122 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 122-დან, 111 საკვლევი მასალა სოფელ ქვემო ბოლნისში იქნა აღებული, სადაც კორონავირუსის ბოლო ახალი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, 11 კი ქალაქ ბოლნისიდან. აღებულ ნიმუშების კვლევის შედეგები, ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ქვემო ბოლნისში კორონავირუსი 63 წლის მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა, მისი მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია, თუმცა ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დღეს, სოფლის გარე უბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, მოლეკულური კვლევისთვის მოსახლეობის ნიმუშები აიღეს, ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით.

ადგილზე 3 ბრიგადა მუშაობდა - 1 ადგილობრივი ეპიდემიოლოგების და 2 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის.

დღეის მდგომარეობით, სოფელ ქვემო ბოლნისში კოვიდინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა, 4 გამოჯანმრთელდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 163 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გარდაიცვალა და 76 კი გამოჯანმრთელდა.