პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია ვიზიტს ესწრებოდნენ სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ და ამასთან, ლაბორატიორიაში შესვლას სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე ითხოვენ.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რუსი სპეციალისტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში შესაძლებელია მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში, კონვენციის სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველო მოქმედებს საერთაშორისო ნომრების დაცვით და ეს მხოლოდ საქართველოს მოთხოვნა არ არის.
„სამწუხაროა, რომ თავისი მწვავე განცხადებისათვის რუსეთის მხარემ შეარჩია ის დღეები, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავდნენ, ეს მათი არჩევანია. ის, თუ რას წარმოადგენს ლუგარის სახელობის საზოგადოების ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ჩვენი საგარეო უწყების განცხადებაში დეტალურად არის გაშუქებული. კონკრეტულად, მისი შექმნის ისტორია, რა მიზნებს ემსახურება, ვისი საკუთრებაა, ვინ მუშაობს იქ და ა.შ. ეს ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. სამწუხაროა ისიც, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ჩვენს საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, რაც როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
რაც შეეხება ცენტრში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვიის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, ადრეც მზად იყო, ახლაც მზად არის მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი დაშვება ასეთი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურებზე. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით. ასეთი ვიზიტი უნდა განხორციელდეს კონვენციის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, ანუ მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში. სხვათაშორის, ვიზიტის შესაძლებლობა რუს ექსპერტებს ჰქონდათ 2018 წელს, როდესც ლუგარის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო ვარჯიში. მაშინ, მათ მოწვევაც ჰქონდათ, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება.
„საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტრო.
რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.
„სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი ელოდება ოფიციალურ პასუხს ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მხარეს 2019 წელს გაეგზავნა. მოსკოვში ყურადღება გამახვილეს იმაზე, რომ ლუგარის ცენტრი ვაშინგტონის მიერ ფინანსდება.