ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024

ექნება თუ არა გავლენა დასავლელი ლიდერების ვიზიტს კრიზისის განმუხტვაზე და კიდევ ვინ შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში

ვინ შეუერთდება პრეზიდენტის “პროევროპულ ფრონტს” - იწყება თუ არა საარჩევნოდ პროდასავლური გაერთიანების ფორმირება

“უკრაინის მიზანია ომი რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ღრმად გადავიდეს” - არის თუ არა კონფლიქტის გაყინვის შანსი

* * *

ექნება თუ არა გავლენა დასავლელი ლიდერების ვიზიტს კრიზისის განმუხტვაზე და კიდევ ვინ შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე სულ უფრო მოხშირდა დასავლელი ლიდერების ვიზიტები - თბილისს ესტუმრნენ აშშ-ს, გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის მაღალი თანამდებობის პირები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტები გაგრძელდეს, თუმცა, დასავლელი პარტნიორების მთავარი სათქმელი უკვე ითქვა. კერძოდ რა რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ დასავლელი პარტნიორები პოლიტიკის მიმომხილველებს ამის თქმა უჭირთ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას “აუცილებლად მიიღებენ - ახლა თუ არა შემოდგომაზე მაინც”, რაც ვითარებას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიზიტები პირიქით, კრიზისს აღრმავებს. 13 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ და სიტყვითაც გამოვიდნენ, მანამდე კომენტარები გააკეთეს მედიისთვის. ორშაბათსვე ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ბრაიენი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექნება თუ არა გავლენა დასავლელი ლიდერების ვიზიტს კრიზისის განმუხტვაზე და კიდევ ვინ შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში.

“მან შეხვედრები გამართა, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ისე ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე აშშ-ს წარმომადგენელს არ შეხვდებოდა. პირისპირ შეხვედრების შემდეგ, ობრაიენმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აშშ-ს რამდენიმე გზავნილი გააჟღერა. მისი თქმით, “თუ ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება შეზღუდვები ფინანსური და მგზავრობის კუთხით”. 15 მაისს კი ლიეტუვის (გაბრიელიუს ლანდსბერგისი), ლატვიის (ბაიბა ბრაჟე), ესტონეთისა (მარგუს ცაჰკნა) და ისლანდიის (თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი) საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ, ისინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი კომენტარები გააკეთეს მედიისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით... ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება. კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს”, - განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბაიბა ბრაჟემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპის თუ აშშ-ს პირველი პირების ვიზიტები გამორიცხულია, თუმცა, მათი განცხადებები ამ დღეებშია მოსალოდნელი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ “აგენტოკრატიამ საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირველი პირების ვიზიტები გამორიცხულია, მაგრამ მათ შეიძლება განცხადებები გააკეთონ, ეს კი ჩვენთვის სულაც არ იქნება სასიამოვნო. ეს ხალხი დიდი ალბათობით დღეს თუ არა ხვალ მაინც გამოვა და ასეთ განცხადებებს გააკეთებს. რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რაიმე შანსი, რომ ვითარება შემობრუნდეს, დღეს ივანიშვილისთის ერთადერთი გამოსავალია, რომ გაუშვას დღევანდელი მთავრობა, მას დააბრალოს, რომ ამ კანონის აუცილებლობაში ხალხი ვერ დაარწმუნეს და კანონი გაიწვიოს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან სარისკოა და ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯსაც არ გადადგამს და ყველაფერი ძველებულად დარჩება. ერთი ვარიანტი აქვთ კიდევ, რომ დაელოდონ ოპოზიციამ რაღაც ისეთი მძიმე შეცდომა დაუშვას, რაც პროვოცირების საბაბად გამოდგება და რეპრესიები დაიწყონ გარკვეული მიმართულებით, მაგრამ ეს რეპრესიები შედეგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. ალბათ არჩევნებამდე ამ გაღრმავებული პოლარიზაციით მივალთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“არჩევნების შემდეგ შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს, იქ უკვე გარანტიებზე იქნება ლაპარაკი. როგორც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს იყო, შესაძლოა იგივე განმეორდეს და აი, მაშინ იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილი არჩევნებს არ გააყალბებს, ან არჩევნების შედეგებს და დამარცხებას აღიარებს, მან ხელშეუხებლობის რაღაც გარანტიები მიიღოს, როგორც ეს ხდებოდა, მანამდე მგონია, რომ ივანიშვილს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება”, მიიჩნევს ძაბირაძე და შეკითხვაზე “რა შთაბეჭდილება დატოვა უკვე განხორციელებულმა ვიზიტებმა?” - პასუხობს:

“მათ ფაქტიურად ღიად თქვეს, რომ თუ ასე გაგრძელდება და ხელისუფლება ამ კანონს არ შეცვლის, ჩვენთვის ევროპული გზა დახურულია, კერძოდ, რა რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ჩემთვის ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ აუცილებლად მიიღებენ - ახლა თუ არა შემოდგომაზე მაინც. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც და მოსახლეობისთვისაც საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები მიიღონ. ყველაზე რთული გადაწყვეტილება დროებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, ან სანქციები, რომელზედაც ობრაიანმა ილაპარაკა. ამ 84 კაცს (83 იყო და “ოცნებამ” ერთის გადაბირებაც მოახერხა) და ამ დეპუტატებს და მთავრობას ექნებათ პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში, ანუ სანქციების თემა არ გამორიცხა. ის, რომ ახლა ხელისუფლებამ რაიმე გამოსავალი ნახოს, ძალიან მეეჭვება...”

“აგენტოკრატიამ საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნა, მანამდე საკუთარ რადიკალურ ზრახვებს ოსტატურად მალავდა. ძალიან დასანანია, რომ საქართველოში ღიად და აშკარად ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდების პირველ ხაზზე დადგა. საღად მოაზროვნე დასავლელი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების უნდა გვეიმედებოდეს, რადგან ეს სიშლეგე, რასაც ვხედავთ, უნდა დასრულდეს. მიეჩვიონ, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამ სუვერენიტეტს არ დავთმობთ, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ეს პრეზიდენტები იქნება, პრემიერები თუ სხვა, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს და რომელიც აცხადებს, რომ მოწინავე ფრონტის ხაზზეა და არჩევნებში ლიდერი იქნება. მაგრამ რეალურად სალომე ზურაბიშვილი ხომ ანტიგმირია საკუთარი კატასტროფული დაცემით ზნეობრივი-მორალური თვალსაზრისით”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ეს ორომტრიალი გარკვეულ ეტაპზე გაგრძელდება, მაგრამ რევანშისტების ტოტალური დამარცხებით, მათ შორის სხვადასხვა ნაცპროპაგანდისტული საინფორმაციო წყაროები თავად დაიხურავენ ქუდს არაეფექტურობის გამო და მათი სპონსორები კარგად ხედავენ თუ ტოქსიკური ნაცპროპაგანდა როგორი ფუჭია ქართული საზოგადოებისთვის. ეს ვიზიტები კრიზისს არა მხოლოდ კი არ აღრმავებს, არამედ საქართველოში რევოლუციური სცენარის წაქეზებაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამას რაღაც ეტაპზე წერტილი დაესმება საზოგადოების იმ მედეგი წინააღმდეგობით, რასაც ჩვენ ვხედავთ. საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ემხრობა რევოლუციებს, არეულობას და დაპირისპირებას. ერთადერთი, რაც ვერაგი ნაცსექტისგან შეიძლება მოხდეს ისაა, რომ ვთქვათ, თავისიანიც კი გაწირონ, რათა გამოაჩინონ, რომ რომელიმე ახალგაზრდა მსხვერპლი გახდა “ქართული ოცნების” - ამ უბინძურეს ნაბიჯზეც წავლენ, მაგრამ ვინც ამ ნაბიჯზე წავა, კანონი ყველას პასუხს გასცემს”, - დასძენს გია აბაშიძე.

ვინ შეუერთდება პრეზიდენტის “პროევროპულ ფრონტს” - იწყება თუ არა საარჩევნოდ პროდასავლური გაერთიანების ფორმირება

“პერმანენტული აქციებისა და ქვეყანაში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, პროდასავლური გაერთიანების ფორმირების კონტურები იკვეთება - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს „პროევროპულ ფრონტს, არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ იქნება “პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი”. პრეზიდენტის წინადადებაზე პოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გამოხატა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული პარტიებისთვის ერთიანი “პროევროპული ფრონტის” იდეა მიუღებელი აღმოჩნდეს, თუმცა, არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და ოპოზიციურ გადაჯგუფებებს დიდწილად განაპირობებს ის გარემოება, რა პოლიტიკური ვითარებაც იქნება უშუალოდ არჩევნების წინ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ შეუერთდება პრეზიდენტის “პროევროპულ ფრონტს” - იწყება თუ არა საარჩევნოდ პროდასავლური გაერთიანების ფორმირება.

“მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “სიენენთან” საუბარში განაცხადა. “ძალიან მსგავსი მეთოდებია უკრაინასთან, ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება”, - თვლის. მისივე თქმით ოღონდ არა მისი “პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. “სალომე ზურაბიშვილის როლს ვხედავ პოზიტიურად და ორი კვირის წინ მეც მივმართე მას, რომ საკუთარ თავზე აეღო მაკოორდინირებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტი არა. “ქართული ოცნება” აბსოლუტურად კანონგარეშეა. მან მიიღო კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი და ის, ფაქტობრივად, ურთიერთობებს წყვეტს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და არ უსმენს ხალხს, რომელიც ქუჩაშია. შესაბამისად, ის არალეგიტიმურია”, - განაცხადა `სტრატეგია აღმაშენებლის~ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან პროდასავლური ფრონტის იდეა მოცემულ მომენტში სწორია და მისი თქმით, ისიც სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ის გადადგომას არ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრეზიდენტს ვუწონებ, რომ ის გადადგომას არ აპირებს. მისი უნიკალური როლი, როგორც პრეზიდენტის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გადადგეს და ჩაუდგეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან პარტიათა გაერთიანებას. ყველა ხედავს, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მთავრობის პოზიციას ეწინააღმდეგება. მისი პოზიცია თითქმის იგივე ძალისაა, რაც არის ამდენი ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ხალხი თავის ნებით გამოდის და ამ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასევე ამ ხალხის მხარესაა, ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტშიც რომ ცემა-ტყეპაა და უმრავლესობა რომ სცემს უმცირესობას და აგრესორია, ეს სურათი ძალიან მნიშვნელოვანია. “ოცნება” სუსტია, ეშინია და ამიტომ ძალის გამოყენების გარდა სხვა გზა არ დარჩენია. საქართველო მკაფიოდ და ცალსახად ევროპას, ნატოს და დასავლურ ღირებულებებს ირჩევს და მხოლოდ ერთი პარტიაა მხოლოდ რუსეთის მიმართულების მომხრე ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამიტომ პრეზიდენტი სადაც არის, ძალიან კარგია და ბოლომდე უნდა იყოს, მისი ხმა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. მან მოგზაურობა უნდა დაიწყოს, მიუხედავად მთავრობის თანხმობა-ართანხმობისა. სიმბოლურიც კი იქნება, რომ საზოგადებამ ფული შეუგროვოს და ისე გაუშვას ხოლმე, თუ თავად საშუალება არ ექნება. რაც შეეხება ფრონტს - დღეს ყველამ ჩამოაყალიბა მიმართულება, მაგალითად ულტრამემარჯვენე მიმართულებაა - “ოცნება”, “ხალხის ძალა”, “ალტ-ინფო”. ჩადიან უნგრეთში ორბანს ეახლებიან და რატომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი სათავეში ჩაუდგეს პროევროპულ დემოკრატიულ ფრთას? ძალიან სწორი ნაბიჯია და თუ ვინმე იმის თქმას გაუბედავს, რომ მან პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, მაშინვე არგუმენტი უნდა ჩასჩაროს, რომ შენ რა გააკეთე? წესდებაში გიწერია, რომ მემარცხენე ცენტრისტი ხარ და ულტრამემარჯვენე პოლიტიკას აჟღერებ, ეს რა არის?”- მიიჩნევს კონფლიქტოლოგი და შეკითხვაზე - “რა როლი შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს პროდასავლური პარტიების ფრონტზე, თუ ის მოქმედი პრეზიდენტი იქნება?” - პასუხობს:

“მან ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული პროდასავლური ძალების ორგანიზებას. კონსტიტუციით ის სახელმწიფოს პირველი პირია, მან უნდა თქვას, რომ მე ვერაფერი ვერ დამაკლო “ოცნების” იმპიჩმენტმაც კი, ჩემი ძალა კი ხალხშია და ჩვენ უნდა მივდიოდეთ ევროპული ღირებულებებისკენ. უნდა ისაუბროს რეგიონებზე და რა მოხდება მას შემდეგ, რაც ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს, რომ იქ მეტი უფლებები იქნება და მეტი ფული რეგიონებში. პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი რა არის ევროპა და ამომრჩეველმა რას უნდა მისცეს ხმა. რაღაც მომენტში თავის გარშემო იმ პოლიტიკური ძალების შეკრება უნდა დაიწყოს, რომლებიც მკაფიოდ გამოხატული პროდასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემხრობიან”.

“ახლა პარტიების მთავარი ამოცანაა როგორმე ჩამოაყალიბონ რა არის ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები. მარტო ევროპის თქმა საკმარისი არაა. უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ანტირუსული განწყობა პროევროპულ განწყობას სულაც არ ნიშნავს, ანტიავტორიტარიზმი ავტომატურად დემოკრატიას არ ნიშნავს. მაგალითად, ლოზუნგში - “არა რუსულ კანონს და კი ევროპას", მე პირადად წინ დავაყენებდი “კი ევროპას და არა რუსულ კანონს”. პირველი ნაწილი დადებითი უნდა იყოს, როცა ფრაზა “არა”-თი იწყება, უკვე უარყოფითი კონტექსტში შემოგყავს და სჯობს დადებითით დაიწყო. რაც თავისთავად მეორეს უარყოფაა. პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს, რომ „კი ევროპა", ჩვენთვის ევროპული ღირებულებებია მთავარი”, - განმარტავს კონფლიქტოლოგი.

“ამ წუთში პრეზიდენტს უნიკალური შანსი აქვს, რომ ახალ თაობას რომელსაც არ ჰყავთ ავტორიტეტები, უთხრას, რომ მოდით დავიწყოთ მუშაობა სამოქალაქო ღირებულებებზე, რადგან “ოცნებამ” სამოქალაქო საზოგადოებას დაარტყა და ვიმუშაოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. თუ ჩვენში დემოკრატიული ღირებულებები გაიდგამს ფესვებს, აქ ვერანაირი რუსეთი ვერ გაძლებს. როცა გაზაფხული დგება, თოვლი თავისით დნება, აღარაა საჭირო თოვლის გადნობისთვის რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებების განხორციელება”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ინიციატივა წამოაყენა, თუმცა, მთავარია ახლა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს რა პოზიცია ექნებათ”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ზურაბიშვილის ინიციატივაა და როცა ერთიანი პროდასავლური ფრონტი შეიქმნება, რომელიც დაუკავშირდება თუნდაც საერთო სიების ფორმირებას, იქ ალბათ გადაწყდება ყველაფერი თუ რა და როგორ იქნება, შეიძლება რამდენიმე ლიდერიც ჰყავდეთ. აქვე საყურადღებოა ისიც თუ რამდენად მისაღები იქნება გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის ამ ტიპის გაერთიანება. თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანხმობა იქნება, პრეზიდენტი შესაძლოა საერთო კოორდინატორი იყოს. ის მოქმედი პრეზიდენტია, ალბათ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ოღონდ რადგან მას აჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, კანდიდატურას არ წარადგენს, მაშინ თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პარტიისთვის პრეზიდენტის ინიციატივა მიუღებელი იყოს. მაგრამ, არსებობს იმის ალბათობა, რაღაც საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას, სადაც პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების ლიდერები შევლენ. ასე მგონია, რომ საბოლოო ჯამში რაღაც საერთო თანხმობა იქნება, მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, პირად წყენებს გვერდზე გადადებენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე,

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რაღაც დისკუსია მიდის, რომ ერთიანი სიები შედგეს, მაგრამ ეს რომ შეიქმნას, ჯერ ყველა პარტიამ თანხმობა უნდა განაცხადოს. ერთ-ერთი ვარიანტი ლოტოტრონის პრინციპი განიხილება სიაში ვინ იქნება პირველი, ვინ მეორე. ამ საერთო სიაში გახარიას პარტია ნაკლებად წარმოსადგენია, ალბათ ცალკე სიით წარსდგება, მათ ის ნიშა აქვთ აღებული, რომ არც “ოცნება” და არც “ნაცმოძრაობა”. გახარიას პარტია ალბათ ერთიან ფრონტშიც არ შევა, მაგრამ რაკი პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ერთობას საჭიროებს, გამორიცხული არაფერია. უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი საბოლოოდ საერთო სიები შედგება თუ არა, ან გახარია და სხვა პარტიები ერთიანი ფრონტით მოინდომებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

“უკრაინის მიზანია ომი რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ღრმად გადავიდეს” - არის თუ არა კონფლიქტის გაყინვის შანსი

“უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. საოკუპაციო ძალები აქტიურად უტევენ ხარკოვსა და სუმს, საიდანაც ამ დრომდე გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. ოკუპანტები ამ რეგიონებში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც. დაიბომბა ნიკოპოლი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათში, რუსებმა ზაპოროჟიეს 268-ჯერ დაარტყეს. დაინგრა 6 და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი. რუსეთის აგრესიის მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, მოსახლეობა ინტენსიური დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს. თავდასხმის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. გამოცხადებულია ევაკუაცია, ათასობით ადგილობრივმა ხარკოვი უკვე დატოვა. ოკუპანტების იერიშების შედეგად, რეგიონში ასობით შენობა მიწასთანაა გასწორებული. 13 ათასამდე ადამიანმა დატოვა სუმის ოლქი, მათ შორის ორი ათასი ბავშვია. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა რუსეთის ინტენსიურმა საჰაერო იერიშებმა განაპირობა. დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი განადგურებულია. რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. მასობრივი იერიშების ფონზე კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამერიკული მხარე უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარების საკითხებს განიხილავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკრაინის მიზანია ომი რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ღრმად გადავიდეს” - არის თუ არა კონფლიქტის გაყინვის შანსი.

“პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კი გადადო ყველა უცხოური ვიზიტი, რადგან ოთხშაბათს ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდა და კიევმა განაცხადა, რომ რუსი ქვეითი ჯარი ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში შევიდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისთვის უმთავრეს ამოცანად საჰაერო სისტემების გადაცემა დაასახელა. ზელენსკი ამერიკასა და პარტნიორებს ომის დაწყებიდან დღემდე მუდმივად მოუწოდებს გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ქალაქებზე მუდმივი თავდასხმის პირობებში ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს. უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის აღდგენის საკითხზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ გამარჯვების გარეშე უკრაინის რეკონსტრუქცია ვერ მოხდება, თავად რეკონსტრუქციის პროცესზე საუბარი კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი კომპლექსურია და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფრონტზე გაზრდილი შეტაკებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დახმარებას ფრონტის ხაზზე სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ გარდატეხა შეუძლია. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, რუსეთმა მოახერხა და გაზარდა როგორც საფრენი აპარატების, ასევე უპილოტო საფრენი მოწობილობების წარმოება, ასევე შეძენის მექანიზმები და სწორედ ამ იარაღის საშუალებით ესხმის ის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას თავს. “სამწუხაროდ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების ტერორს აგრძელებს. ვხედავთ როგორ ცდილობენ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებას და მოსახლეობის დატერორებს. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი, მოსახლეობა გატყდეს. ხალხი ომით გადაიღალოს და შიდა უკმაყოფილება გაჩნდეს”, - ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც დარწმუნებულია, რომ “უკრაინა რუსეთს სიღრმეში ზუსტად იგივეს უპასუხებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ალბათ ვიხილავთ მოსკოვსაც და ასევე დიდ ქალაქებსაც ამ წლის განმავლობაში, ძირითადი თავდასხმები უკრაინის მხრიდან მაინც იქნება ყირიმზე, როსტოვზე და ახლო ქალაქებზე. რუსეთს არა აქვს იმდენი საშუალებები, რომ ყველა ტერიტორია დაიცვას. ამიტომ 2024 წელს იქნება უკრაინის აქტიურობა რუსეთს სხვა ქალაქებზე. თავდასხმა იქნება კარგი პრეცედენტები. დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება ამერიკის და ევროპის მიერ გადაცემული იარაღებით. აქ უკრაინული ეროვნული წარმოების იარაღით უნდა მოხდეს. ეს იქნება “ხმელეთი - ხმელეთი” - თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთის დახმარება იქნება ასევე იმაზე ორიენტირებული, რომ უკრაინის წარმოებამ მოიმატოს. ახლა უკრაინის მთავარი მიზანია რომ ეს ომი რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ღრმად გადავიდეს და დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას მშვიდად არ ეძინოს. ეს იქნება უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგია. ახლა უკრაინას ესაჭიროება ნებისმიერ ფასად რუსეთზე წნევა შეინარჩუნოს. ეს იქნებაა თავდაცვითი თუ შემდეგ რეიდების სახით თავდასხმა, ასევე ნებისმიერი სხვა ოპერაცია. მოლაპარაკებებით ამ კონფლიქტის დასრულება წელს ნაკლებად სავარაუდოა. ორივე პოლიტიკურად ჩიხშია. რისკი არსებობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს ისე, როგორც თავის დროზე ყარაბახი გაიყინა. ვერც ერთი მხარე წინ ვერ წავიდეს. ეს უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ამიტომ უკარინისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა ნებისმიერი სახით გააგრძელოს. ახლა რუსეთის მხრიდან ფრონტის ხაზზე შეუძლებელია რაიმე მასშტაბური სახის გარღვევა მოხდეს. იმის მიხედვით, რაც ღია და სადაზვერვო წყაროებით ხდება ცნობილი, სად ახდენს რუსეთი ძალის კონცენტრაციას, აქ არის მთავარი და ძირითადი მიმართულებები ავდეევკა, ბახმუტის მხარეს. სწორედ დონეცკის ოლქში ახდენს ძალთა კონცენტრირებას. რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი შესაძლოა იყოს კიდევ უფორ მეტი ტერიტორიების დაკავება დონეცკის მიმართულებით. ალბათ ეს არის ყველაზე რეალისტური მიზანი. მეორე მიმართულება, სადაც ასევე რუსების კონცენტრირება ხდება, ეს არის ქალაქი ლიმანი. ასევე კუპიანსკის - კრემნინას ხაზზე, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარკოვის ოლქისკენ რუსეთი შეტევას ეცდება. ეს იქნება ძალიან ნელი და მეთოდური. რუსები შეეცდებიან ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ. უკრაინას დრო ჰქონდა და ის მომზადებულია, ამიტომ მათი შეტევა ესეთი მარტივი ვერ იქნება”, - დაასკვნის ბერიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო