ლადო მგალობლიშვილი - 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში ახალი, 540 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კორპუსი შენდება, მოხარული ვარ, რომ კოლეგებთან ერთად, ჩემი წვლილიც არის ამ საქმეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან და რესურსცენტრის უფროსთან გოჩა დავითაძესთან ერთად, ბათუმში მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, თავისი მოცულობითა და ინფრასტრუქტურით ეს პრაქტიკულად ახალი სკოლა იქნება.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საჯარო სკოლის ახალი კორპუსი არ აშენებულა. 2010-2011 წლებში დაინგრა ორი - მე-3 და მე-6 სკოლა, რამაც უკიდურესად გადატვირთა ქალაქის დანარჩენი სკოლები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2016 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდა იდეა, რომ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აშენებულიყო ახალი სასწავლო კორპუსი. ამ პერიოდში უწყებაში სახელმწიფო შესყიდვებს კურირებდა მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი. იმ დროინდელი მინისტრისა და პირველი მოადგილის უშუალო მხარდაჭერით, პროექტის შესყიდვა გაითვალისწინეს სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა, ლადო მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აჭარის ბიუჯეტის განხილვის დროს რეკომენდაცია გასცა ახალი კორპუსის მშენებლობაზე.

„2019 წლის ბოლოს დაიწყო მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, 540 მოსწავლეზე გათვლილ 3-სართულიან ადაპტირებულ შენობაში განთავსდება სასწავლო, საგნობრივი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. ამავდროულად, განახლდება არსებული ძველი კორპუსის სახურავი და ფასადი, კეთილმოეწყობა მთლიანი ეზო. აქვე განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 890 062 ლარია, 2021 წელს დამთავრდება. ამ დროისათვის დასრულებულია საძირკველი და პირველი სართული. მიმდინარეობს მეორე სართულის კონსტრუქციული სამუშაოები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობა ბათუმის ცენტრში ნაწილობრივ გადაჭრის გადატვირთულობის პრობლემას. ამასთან, ეს არის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის, რისთვისაც დეპუტატმა მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო