რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას გაეცნო

დღეიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“ტრანსპორტს დეზინფექცია გუშინ ჩაუტარდა. მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება; სავალდებულოა ნიღბის გამოყენება; აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა; მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























