თინა ხიდაშელი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პროვოკაციად აფასებს

როდესაც ლუგარის ცენტრი შეიქმნა, სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ცენტრის გახსნის თანმდევი ნიუსი, „როგორც კავკასიაში მზარდი საფრთხის მოლოდინი“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ის ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის მორიგი პროვოკაციაა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ცენტრის შესახებ საუბრობს. უფრო მეტიც, დასაწყისში, როდესაც ლუგარის ცენტრი შეიქმნა, სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ცენტრის გახსნის თანმდევი ნიუსი, როგორც „კავკასიაში მზარდი საფრთხის მოლოდინი“. რუსეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდნენ ამ კატასტროფას, რომელიც საქართველოში მათ საზღვრებთან მზადდებოდა. მაშინ იმდენად იყო გამწვავებული ვითარება, რომ დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში ძალიან სერიოზული ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსეთს შესაძლოა, პროვოკაცია მოეწყო რაიმე ტიპის ვირუსული შეტევით საქართველოზე. შემდეგ ეს თავისივე მოწყობილი პროვოკაცია გამოეყენებინა, როგორც საბაბი იმისთვის, რომ საქართველოსთვის გადაებრალებინა და მორიგი ინტერვენცია განეხორციელებინა საქართველოზე. სერიოზულად იხილებოდა ეს სცენარი, როგორც ერთ-ერთი საფრთხის მატარებელი 2011-2012 წლებში, მაშინ, როდესაც ლუგარის ლატორია ფეხს იდგამდა და თავის საქმიანობას იწყებდა. ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ლუგარის ლაბორატორიამ ბევრჯერ დაამტკიცა არა მხოლოდ სარგებლიანობა, არამედ აბსოლუტურად უკიდურესი მნიშვნელობა, რომელიც მას სხვადასხვა ვირუსისა თუ გრიპის დროს ენიჭებოდა. კოვიდ 19 არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუგარის ლაბორატორია ინსტრუმენტული გამოდგა მთელი სამხრეთ კავკასიისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის“,- აცხადებს ხიდაშელი.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში კორონავირუსი მძინვარებს, მოსკოვს მაინც აქვს იმის დრო, რომ „მეზობელ ქვეყნებს დამატებითი პრობლემები შეუქმნას“. თინა ხიდაშელის შეფასებით, რუსეთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მათ შორის კიბერშეტევებს, საინფორმაციო შტურმს და დიპლომატიას.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ე.წ. რბილი ძალის ნომერ პირველი ამოცანაა, დაასუსტოს სახელმწიფო და ყველა მოძრაობა, მითუმეტეს არჩევნების პერიოდში.

„დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველა პოლიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გახსნის და დააანონსებს საარჩევნო რბოლას. შესაბამისად, უზარმაზარი შესაძლებლობები ეხსენება რუსეთს იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი გახდეს და ისევე, როგორც ყველა არჩევნების დროს შეეცადოს, როგორც საკუთარი ფინანსური, ასევე, საინფორმაციო რესურსებით მოახდინოს გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ამიტომ, ველოდები მათ უფრო აგრესიულ მოქმედებებს, მაგრამ პირდაპირ, კონვენციურ საომარ ოპერაციებს ნამდვილად არა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, „ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა