თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელსა და პედაგოგს, სასურსათო კალათები გადაეცათ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელსა და პედაგოგს, სასურსათო კალათები გადაეცათ.
თეთრიწყაროს მერიის ინფორმაციით, საკვები პროდუქტისგან შემდგარი ამანათები, თეთრიწყაროს საბავშვო ბაღების 900-ზე მეტმა აღსაზრდელმა და პედაგოგმა მიიღო. მათთვის სურსათის შეძენა, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.
სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესს დღეს, ბაგა-ბაღებში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პაკეტების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.
„კოვიდ-19"-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, აქტიურად გრძელდება მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემის პროცესი. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ამ დრომდე დახმარება ჩაკეტილ ზონაში მცხოვრებმა 1500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა და დღემდე ადგილზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 34 გამოჯანმრთელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























