შოთა რეხვიაშვილი - მუშევანში მოსახლეობის 100% იქნა გამოკვლეული, ველოდით კიდეც ამგვარ შედეგებს - სხვა მუნიციპალიტეტებში ვინარჩუნებთ სტაბილურობას

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის 100%-ის გამოკვლევა მოხდა, ადგილზე არსებული წინაპირობებიდან გამომდინარე კი არსებულ შედეგს ელოდებოდნენ.
,,მუშევანში ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადოებამაც იცის, რომ თანამშრომლობა გვიჭირდა გარკვეული პერიოდი და იმ ეფექტურობით ვერ მუშაობდა ეპიდემიოლოგიური სამსახურები, რაც სჭირდებოდა არსებულ გამოწვევას და რეალურად რაც იყო. ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ მათთან ურთიერთობაში გარდატეხა და ერთი დღის განმავლობაში აღწერილი მოსახლეობის 100%-ვე იქნა გამოკვლეული. წინაპირობებიდან გამომდინარე, შედეგად გარკვეულად ველოდით კიდეც ამგვარ შედეგებს. ეს არის ძალიან საჭირო კვლევა, რაც ჩატარდა და ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ამ მოცემულობიდან, რადგან მთლიანად ეპიდემიოლოგიური სურათი ცნობილია ჩვენთვის, ბუნებრივია კლინიკაში არიან გადასული ეს ხალხი და მათი ოჯახის წევრები და კონტაქტები არიან საკარანტინე სივრცეში და რეალურად შესაძლებელი ხდება, რომ აქ გარკვეული გარდატეხა იყოს სასიკეთოდ", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე განცხადებით ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში სტაბილური სიტუაციაა.
"სხვა მუნიციპალიტეტებში ვინარჩუნებთ სტაბილურობას. საინკუბაციო ვადის გასვლის შემდეგ და პროფესიონალების რეკომენდაციების შემდეგ ყველგან მოიხსნება ის შეზღუდვები, რაც უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრებას თუ ამის შესაძლებლობა იქნება გავრცელების დინამიკიდან", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
29 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსახლების გაფართოებული კვლევის შედეგად, დღეს კოვიდინფიცირების 17 ახალი ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. სულ ამ დრომდე ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. სოფელში 25 აპრილიდან მკაცრი კარანტინია.
იხილეთ ვიდეო:შოთა რეხვიაშვილის ცნობით, მუშევანში მოსახლეობის 100% გამოიკვლიეს

























