ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი - დღეიდან “ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების საჭიროება არ არის, ამიტომ ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი - დღეიდან “ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების საჭიროება არ არის, ამიტომ ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით

ქვეყანაში პოზიტიურ -ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ პირველი ივნისიდან არ არის საჭიროება ,,ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების, ამიტომ დღეიდან ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, - ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში გამოყოფილი იქნება ცხელების ზონები, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს მოათავსებენ.

,,1 აპრილიდან ფოთის ჰოსპიტალი ოპერირებდა როგორც ,,ცხელების ცენტრი“, ხოლო 17 აპრილიდან ოპერირებდა როგორც ,,ცხელების კლინიკა“ და კლინიკაში ხდებოდა მხოლოდ სავარაუდო , საეჭვო პაციენტების მიღება.მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხნის განმავლობაში ფოთის რეფერალურმა ჰოსპიტალმა მიიღო 250 სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევა. ხდებოდა ამ პაციენტების მოთავსება საიზოლაციო სივრცეებში, ბოქსებში , მათი ტრიაჟი და პასუხების შესაბამისად შემდეგ რეფერირება შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ქვეყანაში პოზიტიურ -ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე , საბედნიეროდ ჩაითვალა, რომ პირველი ივნისიდან არ არის საჭიროება ,,ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების. ამიტომ დღეიდან უკვე ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესები არ იქნება დაცული. კლინიკაში კვლავ გვაქვს ცხელების ზონები გამოყოფილი და საეჭვო, ან სავარაუდო პაციენტების მიღება მოხდება იქ . ეს ზონები, რა თქმა უნდა, მკვეთრად არის გამიჯნული, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში მოსული ნებისმიერი პაციენტი და თანმხლები პირის სკრინინგი მოხდება , რაც ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი საჭიროებაა. თუ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ამ ძალებით კვლავ იქნება ჩვენი ჩართვა საჭირო და აუცილებელი, ფოთის ჰოსპიტალი მზად არის, კვლავ მიიღოს ეს გამოწვევა და მოემსახუროს რეგიონს და ქალაქს,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან , თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ პალატაში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით 67 წლის მამაკაცია მოთავსებული. მისივე თქმით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ" კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.