ბოლნისში გამოკვლეული 10 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბოლნისში გამოკვლეული 10 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაგზავნილი 10 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ლაბორატორიაში გადაგზავნილი იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლის ახლო კონტაქტებისა და ოჯახის წევრების საკვლევი ბიოლოგიური მასალები და კოვიდინფექცია მათ არ აღმოაჩნდათ.

ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 10 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი, ეპიდემიოლოგებმა ამჯერად ბიოლოგიური ნიმუშები სოფელ გეტაში და ქალაქ ბოლნისში აიღეს. კვლევის შედეგებს კი ხვალისთვის ელოდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით, კოვიდინფიცირების 185 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ყველაზე მეტი - 75 სოფელ მუშევანში. კოვიდინფექციისგან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 83 ადამიანი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.