ფოთში სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეკრებილები სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სატვირთო მანქანები ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე თვის წინ შემოვლითი გზის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
,,ამ ქუჩაზე სრულიად გაუსაძლისი მდგომარეობაა. მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი გვაწუხებს , სახლები დაიბზარა, სარეცხს ვერ ვფენთ, ბავშვები გარეთ სათამაშოდ და სასეირნოდ ვერ გამოგვყავს. ავადმყოფი მყავს სახლში და ისიც ეზოში ვერ გამომყავს. მერამდენედ ვიკრიბებით უკვე. ვითხოვთ შემოვლითი გზის გაყვანას. ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ შემოვლით გზა გაკეთდებოდა. მას შემდეგ რვა თვეა გასული და პირობა პირობად დარჩა. ეს აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. სულ შევიკრიბებით და სულ გადავკეტავთ გზას. ვითხოვთ მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილება შეწყდეს", - განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ჩოჩიამ.
აქციის მონაწილეებთან ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მივიდა. როგორც მან აღნიშნა, შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
,,როგორც მოგეხსენებათ, ნავსადგურში ტვირთბრუნვამ იმატა, სწორედ ამან განაპირობა სატვირთო მანქანების სიმრავლე. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მოხდეს შემოვლითი გზის მშენებლობა, თუმცა ეს ცოტა შორეული მომავლის საკითხია. მანამდე კი, უბრალოდ შეუძლებელია მძიმე წონიანი მანქანების მოძრაობის აკრძალვა. ჩვენ ამ ქუჩის მცხოვრებლებს ხვალ შევხვდებით და უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ არსებულ პრობლემას“ , - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

























