აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უკანონოა

აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უკანონოა,- ამის შესახებ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა. მას მიაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებზე დაუშვებელია ზეგავლენის მოხდენა და პოლიტიკოსების პროცესებში ჩართულობა.
"აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უკანონოა, დღეს გამოიკვეთა, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვასთან ამ აქციას საერთო არაფერი აქვს, აქციის მონაწილეებმა ღიად მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიას რათა ზეწოლა მოახდინონ მრჩეველთა საბჭოს წევრზე რაც მაუწყებლობის შესახებ კანონით დაუშვებელია",- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის” წევრი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში პარტია "ევროპული საქართველოს" კვოტით წარდგენილ თამარ წილოსანს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის დასაწყებად ორი ხმაა საჭირო და " ნაციონალური მოძრაობის" კვოტით წარდგენილი გია ქარცივაძე იმპიჩმენტის დასაწყებად მზად არის, თუმცა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ წილოსანი პროცესებში არ ერთვება. მან „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მიმართა, დაარწმუნონ მათი წარმომადგენელი, რომ დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი.
აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო 5 წევრისგან შედგება: სამი "ქართული ოცნების" , ხოლო ორი ოპოზიციის მიერ წარდგენილი კვოტებია.

























