აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენელს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენელს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს

წარვადგინე განაცხადი დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით , - ეს განცხადება სოციალური ქსელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ გააკეთა.

იგი საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრს ალექსანდრე მილორავას მოუწოდებს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა შეწყვიტოს.

"ბატონო ალეკო, ჩემთვის სრულად გასაგებია თქვენი თავგანწირვა მაუწყებელში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოსასწორებლად, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს ერთი ღირსეული მოქალაქის ჯანმრთელობის გაუარესების გარეშეც არის შესაძლებელი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში პროცესი დაიძრა (წარვადგინე განცხადება დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით), ამდენად გთხოვთ შეწყვიტოთ პროტესტის უკიდურესი ზომა და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რეგიონისა და მაუწყებლის ისტორიაში თქვენ ყოველთვის გექნებათ თქვენი ღირსეული ადგილი", - აცხადებს გია ქარცივაძე

გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არის წარდგენილი.

დირექტორის გიორგი კოხრეიძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ბორდის სამი წევრის ხმაა საჭირო. აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო 5 წევრისგან შედგება: სამი "ქართული ოცნების" , ხოლო ორი ოპოზიციის მიერ წარდგენილი კვოტებია.

ცნობისთვის, საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა შიმშილობს. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს და არხის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს, იმპიჩმენტი დაიწყოს. მას მიაჩნია, რომ გიორგი კოხრეიძე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, ჟურნალისტებს დევნის და გაურკვეველია საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობა.