საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრის განცხადებით, შიმშილობას არ შეწყვეტს იქამდე, ვიდრე აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს

აჭარის ტელევიზიის შენობასთან საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს. მისი განცხადებით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არხის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე თანამდებობას არ დატოვებს.
ალექსანდრე მილორავას მიაჩნია, რომ გიორგი კოხრეიძე თანამშრომლებს დევნის და არხის პრიორიტეტებს არ ასრულებს.
თავის მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრი სოსო სტურუა, რომელიც "ქართული ოცნების" კვოტით არის წარდგენილი, მიიჩნევს, რომ ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით სამეურვეო საბჭოს ერთმა წევრმა უკვე მიმართა. გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არის წარდგენილი. ამასთან, გია ქარცივაძე საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრს ალექსანდრე მილორავას მოუწოდებს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა შეწყვიტოს.
დირექტორის გიორგი კოხრეიძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ბორდის სამი წევრის ხმაა საჭირო. აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო 5 წევრისგან შედგება: სამი "ქართული ოცნების" , ხოლო ორი ოპოზიციის მიერაა წარდგენილი.

























