რუსთავის მერის მოადგილეს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

რუსთავის მერიაში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
რუსთავის მერიაში მომხდარს ადასტურებენ. როგორც მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

























