თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანულ კომპანია “ლოვას“ მიმართეს, რომელმაც დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ხაინდრავას განცხადებით, გერმანულ კომპანია “ლოვას“ მიმართეს, რომელმაც დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიას, როდესაც თავდაცვის ძალებს ეხება საქმე, მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია.
"ძალზედ სამწუხარო და გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები არ წყვეტენ თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მცდელობას და ცდილობენ, უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება ამჟამად. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, რომ როდესაც თავდაცვის ძალებს ეხება საქმე, ყველა ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად გადამოწმებული და ნუ გავაღვივებთ საზოგადოებაში მცდარ შეხედულებებს ქართულ ჯარსა და იქ არსებულ ვითარებაზე.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თავდაცვის მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის დღიდან მიღებული გადაწყვეტილებებით კეთდება უამრავი დადებითი და ერთ-ერთი ფაქტია ამ "ბათინკების" შესყიდვის თემაც. ჩვენს მიერ შესყიდული იყო გერმანული წარმოების "ლოვას" და "ჰაიქსის" წარმოების ბათინკები, რაზეც დღეს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სხვა ქვეყნის პატენტს. ჩვენ მოგვიწია, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის პრესტიჟული ფაქტი, მივმართეთ გერმანულ კომპანიას, რამაც გამოიწვია გაოცება მათი მხრიდან და წარმოგიდგენთ დოკუმენტს, სადაც თვითონ "ლოვას" წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ აღნიშნული "ბათინკი" მათ მიერ არის წარმოებული და დამზადებულია ევროპაში”, - განაცხადა ხაინდრავამ.

























