ზაზა გაბუნია - შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების და ამ პოლიტიკის თვალსაზრისით კარგად მუშაობს

მინდა ყურადღება გავამახვილო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამუშაოებზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა და რომელთაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღირებულება, მით უფრო, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკაზე და ამ თვალსაზრისით არსებულ ამოცანებზე ვსაუბრობთ,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზაზა გაბუნიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მაღალი ინტენსივობის მქონე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. „ის უნდა დასრულებულიყო სექტემბერში და უკვე ივნისის თვეში ეს პროექტი დასრულებულია. ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები სწორედ ამ გზით ხორციელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ივლისში უკვე მზად იქნება ქუთაისის შემოვლითი გზა, მისი ოთხზოლიანი მაგისტრალის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი და დამატებითი ორი ახალი ზოლის აშენებით, ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება, რაც მოძრაობის საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი ელემენტი.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ასევე, არ გაჩერებულა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა და ბათუმს სულ მალე ექნება 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზა.

„ეს გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ქუთაისს, ისტორიაში პირველად, აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება. „ცხადია, ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ არამარტო გზას, არამედ მათ შორის სასმელი და საწარმოო წყლით მომარაგების სისტემებსაც. სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისს, რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, დიახ, ისტორიაში პირველად აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა უკვე დასრულებულია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უკვე დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაც, რომელიც მოქმედზე ოთხჯერ დიდი იქნება და 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებზე.

„22 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. სოფელ ხევში კი აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და საბავშვო ბაღი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ პროექტის ლოჯისტიკურ, სატრანსპორტო და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. პროექტის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილი 30 კილომეტრით შემცირდება, ხოლო მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, პროექტის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4,5 საათი“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სწრაფი განვითარების ყველა მოდელი თავის თავში გულისხმობს განვითარებულ ინფრასტრუქტურასაც, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისითაც და ამ პროექტების უწყვეტად და ეფექტურად განხორციელებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო ახლა, ამ პირობებში.

„ასე, რომ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების და ამ პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობს კარგად“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში იწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეთათვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას.

„ეს გახლავთ დედაქალაქის მერის იდეა და ინიციატივა და ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რამდენიმე ათასი მოქალაქე გათავისუფლდება ამ ჯარიმებისგან, მასზე დარიცხული საურავებისა და აღსრულების ხარჯებისაგან“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა