თორნიკე რიჟვაძე -  მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში "3 ქალაქის" მშენებლობის პროექტი და არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და მიუხედავად კორონავირუსისგან შექმნილი გამოწვევებისა, ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიურობას.

„ვამაყობ, რომ მიუხედავად პანდემიისა არ გვაქვს გაჩერებული პროექტები. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე იცით, რომ “ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და მშენებლობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესტიციო პროექტი - „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში. ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულს ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე, რომლის ობიექტის მშენებლობაც მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ევროს შედგენს.

ამასთან, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტიც მიმდინარეობს, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩაქვში კი ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო. საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე აჭარაში არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ