თამარ ხულორდავა - იმ პირობებში, როცა ჩვენ 1%-იანი ბარიერი გვექნება ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ფორმულირება ძალიან უსამართლო გამოდის

იმ პირობებში, როცა ჩვენ 1%-იანი ბარიერი გვექნება ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ფორმულირება გამოდის ძალიან უსამართლო პარლამენტის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის და პარლამენტში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობისთვის, რომელიც სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური სიით იქნება არჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ პარლამენტში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ასეთ შემთხვევაში „ამ ხალხს შესაძლებლობა არ ექნება, რომ თავისივე პარტიის 6 თანამოაზრე ჰყავდეთ პარლამენტში“.

„ის ვერსია, რაც არის წარმოდგენილი სრულიად გასაგები იქნებოდა ჩვენ რომ ვრჩებოდეთ იმ საარჩევნო სისტემის პირობებში, რაც დღეს გვაქვს გათვალისწინებული კონსტიტუციით. ანუ 5%-იანი ბარიერის პირობებში ის, რაც არის წარმოდგენილი პრობლემას ნამდვილად არ ქმნის და სრულიად გასაგებია არგუმენტები, რომ პარლამენტში პოლიტიკური უჯრედის როლი უნდა შეასრულოს ფრაქციამ და ეს მიდგომა პირადად ჩემი მხრიდანაც სრულად არის გაზიარებული. მაგრამ იმ პირობებში, როცა ჩვენ 1%-იანი ბარიერი გვექნება ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს მუხლი და ფორმულირება გამოდის ძალიან უსამართლო პარლამენტის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის და პარლამენტში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობისთვის, რომელიც არჩეული იქნება სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური სიით. ამ ხალხს შესაძლებლობა არ ექნება, რომ თავისივე პარტიის 6 თანამოაზრე ჰყავდეთ პარლამენტში. ბევრი მათგანი 2-3 ადამიანის სახით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ამ ფორმულირებით ჩვენ მათ ვართმევთ შესაძლებლობას პარლამენტშივე გაიჩინონ თანამოაზრეები და შექმნან ისეთი ორგანიზაციული ერთეული, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ, ამ მოწვევაში დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ და ვიცით, რამხელა შეზღუდვაა, როცა ხარ დამოუკიდებელი დეპუტატი და არ გაქვს ფრაქციული მხარდაჭერა. ამიტომ, გთხოვთ, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავმ.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში და ეს არის პარლამენტის წევრის უფლება.

„დღეს წარმოდგენილი ჩანაწერით, თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ჩვენ მცირე პარტიებს და მათ არჩეულ კანდიდატებს უფლებას იმთავითვე ვართმევთ, რომ პარლამენტში ფრაქციის სახით იყვნენ წარმოდგენილები, იმიტომ, რომ მინიმუმ 5% ან მეტი უნდა აიღოს პარტიამ იმისათვის, რომ პარლამენტში 7 ადამიანი გაიყვანოს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დავუკვირდეთ ამ საკითხს და ერთჯერადად, შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის, როცა ჩვენ 1%-იან ბარიერზე ვსაუბრობთ ეს გავითვალისწინოთ . ფრაქციისთვის ის შეზღუდვები გავითვალისწინოთ მხოლოდ, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს", - განაცხადა ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა