შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, 2 ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის ტენდერიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
„განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.