გორში მომხდარი ჩხუბისას დაშავებული 18 წლის ახალგაზრდის ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ახალგაზრდის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოში გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო.
„დაზარალებულის ოჯახს აინტერესებს გამოძიების მიმდინარეობა და ამის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამ ეტაპზე, გამოძიების მიმართ რაიმე უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს, ოჯახისთვის ამ ეტაპზე უმთავრესია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაკავებულს ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, თუმცა დაველოდებით გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს და რაიმე უნდობლობის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორანში, ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებული ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი, პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს.

























