"საქნახშირი" - მინდელის სახელობის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის

მინდელის სახელობის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "საქნახშირი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10 ივნისს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე. ამის მიზეზი მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ინციდენტი გახდა. კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში 200-მდე თანამშრომელი შეიკრიბა. მეშახტეები „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ სოცკის შეხვდენ და ამწე მექანიზმთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომპანიის ცნობით, ამწე მექანიზმს პრობლემა 9 ივნისს, ღამის 00:40 საათზე შეექმნა. მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კლეტზე“ ჩამოკიდებული არ იყო კარი და არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. ლიფტი, რომელშიც 22 თანამშრომელი იმყოფებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან. იმავე დღეს მოხდა ლიფტის შეკეთება, თუმცა თანამშრომლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ შახტაში ჩასვლისაგან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „საქნახშირის“ პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, შესაბამისად, კომპანიამ მყისიერად მოახდინა რეაგირება აღნიშნულ შემთხვევაზე. 10 ივნისს მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ სპეციალური კომისია ჩავა, უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლის ამწე მექანიზმის მდგომარეობას და გამოაქვეყნებს დასკვნას, რის შემდეგაც ცნობილი გახდება სამუშაოების განახლების ვადები.

„შახტაზე სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულება. 9 ივნისის შემთხვევისას მეშახტეების მხრიდან მნიშვნელოვნად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები. სპეციალური კომისია, რომელიც ამწე მექანიზმის მდგომარეობას შეისწავლის დღესვე ჩამოვა და უახლოები დღეების განმავლობაში გვექნება დასკვნა. მეშახტეებთან დიალოგმა აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაიარა. სამუშაოების განახლებისთვის მათი მთავარი პირობა არის კომისიის დასკვნა. დაველოდებით და დასკვნის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა