დავით ზალკალიანი - „მეტი მეტისთვის“ - ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უძღვებოდა, ასევე მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა სტრატეგიული პროექტია და რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ ურყევია. ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა მზაობა მეტი თანამშრომლობისთვის, რათა პროექტი უფრო წარმატებული, ამბიციური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყოს. განხილული იქნა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა და 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისი და მასთან ბრძოლის გზები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნირობას მეტი პოლიტიკური ამბიცია და პრაქტიკული მიზნები, დიფერენციაციის პრინციპსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომა სჭირდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, გააღრმაოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

“ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტები გახლავთ, რომ უახლოესი სამიტის დოკუმენტში აუცილებლად იყოს ასახული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. ასევე, დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“. ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის საკითხს“ , - აღნიშნა ზალკალიანმა მინისტერიალის კომენტირებისას.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, გააღრმაოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და იმედი გამოთქა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის გამოსვლაში ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით ლუგარის ლაბორატორიაზე მიტანილ დეზინფორმაციულ იერიშზე.

„აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ევროკავშირის დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება“ , - განაცხადა მინისტრმა.

საგარო უწყების განმარტებით, მინისტერიალზე ასევე განიხილეს ევროკავშირის დახმარების ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები. ქართულმა მხარემ ევროკავშირს კოვიდ-19-ით გამოწვეულ ვითარებასთან გამკლავების პერიოდში სოლიდარობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა ტელევიდეო კონფერენციისთვის, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ამ შეხვედრაზე ჩვენთვის პრიორიტეტული თემების კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამჯერად, ქვეყნების მეთაურების დონეზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა